მარშრუტი სოფელ მაზერიდან იწყება.
სოფელი მაზერი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე დოლრაჭალის ხეობაში, ზღვის დონიდან 1660 მეტრზე მდებარეობს.
აქედან 1 კილომეტრშია სოფელი ბაგვდანარი. ბაგვდანარიდან გაივლი ნასოფლარს, რომლის სახელია გული. აქ შეგხვდება X საუკუნის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.
სოფლიდან გადადიხარ გულის უღელტეხილზე - ეს არის უშბის მასივის ერთ-ერთი კალთა. გულის უღელტეხილის გადასასვლელის სიმაღლე ზღვის დონიდან 2954 მეტრია. საფეხმავლო ბილიკი ქორულდის ტბებისა და მთა ცხაკვზაგარის მიმართულებით გრძელდება. დაღმართზე 1400 ვერტიკალურ მეტრს ჩაივლი. მარშრუტის ბოლო გაჩერება ულამაზესი მესტიაა (ამ მარშრუტზე შესაძლებელია ქორულდის ტბების მონახულებაც).
დაბა მესტია ცნობილია თავისი უძველესი ციხე-კოშკებით. მესტიის კოშკების ილუსტრაცია იაპონელი რეჟისორისა და სცენარისტის ჰაიაო მიაძაკის ერთ-ერთ ანიმეში - „ლაპუტა – სასახლე ზეცაში“ გვხვდება.
მესტიაში შეგიძლია, ღამე ადგილობრივ სასტუმროში გაათენო და ტრადიციული სვანური კერძები დააგემოვნო.