KA
Koruldi Lakes

ქორულდის ტბები

ალპური ზონა, 2 850 მეტრი ზღვის დონიდან, საქართველოს უმაღლესი მწვერვალები – შხარა, თეთნულდი, უშბა და ლაილა რკალად ეკვრიან ზეგანს, რომელზედაც ქორულდის ტბა მდებარეობს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

მუდამ დაწმენდილი წყლით სავსე ამ პატარა ტბის სარკისებურ ზედაპირს თუ გახედავ, ამ დათოვლილი მწვერვალების ანარეკლი სტალაქტიტებს მოგაგონებს და, ერთობლიობაში, შენ თვალწინ დაუვიწყარი პეიზაჟი იშლება. ეს არის რეალური და ილუზორული აღქმის სინთეზი, რაც თავბრუს გახვევს და ზღაპრულ შეგრძნებებს გიჩენს. 

დიახ, ეს ზღაპარია, რომელიც რეალურად სვანეთში, მესტიიდან სულ რაღაც 10 კილომეტრშია. ქორულდის ტბიდან არა მარტო მწვერვალები ჩანს, არამედ ფანტასტიკური ხედიც იშლება ენგურის ხეობაზე და დიდი კავკასიონის ქედის თვალუწვდენელ, ტყით დაფარულ მთებზე.  

ქორულდის ტბამდე გზა დიდ დროსაც არ მოითხოვს - თუ ფეხით ლაშქრობა გიყვარს, რამდენიმე საათში მესტიიდან ტბასთან აღმოჩნდები, თან ფოტოგადაღებისთვის საოცარ ადგილებს ნახავ. ტბაზე ასვლა ცხენითაც შეგიძლია, რომელსაც მესტიაში ხელსაყრელ ფასად იქირავებ. თუ უფრო სწრაფად გინდა ამ ადგილის მონახულება, გამოცდილი მესტიელი გიდები მაღალი გამავლობის მანქანით აგიყვანენ ქორულდის ტბასთან. 

მთავარია, საგზალი არ დაგავიწყდეს – სუფთა ჰაერი მადას აუცილებლად აღგიძრავს. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა