KA

სოფელი მაზერი-შდუგრას ჩანჩქერი

ზემო სვანეთის სალაშქრო მარშრუტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია მაზერი-შდუგრას ჩანჩქერის მარშრუტი. ის ზღვის დონიდან 1660 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელ მაზერიდან იწყება, რომელიც ბეჩოს თემში, მესტიიდან 25 კმ-შია. თავად მაზერი ძალიან საინტერესოა. აქ სვანეთის საბოქაულო ადმინისტრაციული ცენტრი იყო, თუმცა ისტორიულად ბეჩოს თემი, ე.წ. სადადეშქელიანო, სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა. დადეშქელიანების ისტორიული კოშკის მონახულება მაზერში დღესაც შეიძლება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

გზა შდუგრას ჩანჩქერამდე

სალაშქრო მარშრუტი შდუგრას ჩანჩქერის ძირში მიგიყვანს, თუმცა ჩანჩქერის თავზე ასვლა და სვანეთის დამატყვევებელი ხედების დათვალიერებაც შეგეძლება. 

ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკი სოფელ მაზერიდან იწყება. გზა საშუალო სირთულისაა. შდუგრას ძირში მისასვლელად ფეხით სავალი მანძილი დაახლოებით 3 კმ-ია. იმ შემთხვევაში, თუკი ჩანჩქერის თავზე ასვლას გადაწყვეტ, დამატებით 3 კმ-ის გავლა და მდინარის გადაკვეთა მოგიწევს. 

გაითვალისწინე, რომ ჩანჩქერთან ახლოს აუცილებლად დაგჭირდება საწვიმარი. გზად თითქმის არსად არ შეგხვდება წყალი, ამიტომ უმჯობესია, მარაგი სოფელ მაზერში შეავსო და მესაზღვრეების პუნქტთან განაახლო.  

ბუნება და სანახაობები

სვანეთის ბუნება მდიდარია ულამაზესი ადგილებით. ერთ-ერთი გამორჩეული თავად შდუგრას, ანუ უშბის ჩანჩქერია. მისი სიმაღლე 120 მეტრს აღწევს. ის საქართველოში ყველაზე წყალუხვ ჩანჩქერად მიიჩნევა. 

ჩანჩქერამდე გზად ულამაზეს წიწვოვან ტყეს გაივლი. თუ ჩანჩქერის თავზე მოექცევი, მყინვარ უშბის ძირში ჩალაგებულ უზარმაზარ ლოდებს დაინახავ, შენ გარშემო კი ლამის ცამდე აზიდული მთები იქნება. 

ლაშქრობისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა