ქორულდის ტბები დაბა მესტიის ჩრდილოეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს და მესტიიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული.
მესტიიდან, ცხაკვზაგარის უღელტეხილზე, “ჯვრის” პანორამულ გადმოსახედს გაივლი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება უშბაზე, თეთნულდსა და კავკასიონის სხვა მწვერვალებზე. აქ შეგიძლია დაისვენო და პიკნიკიც მოაწყო.
ამ გადმოსახედიდან მალევე მიადგები 3 ულამაზეს ტბას.
ტბები ზღვის დონიდან 2700 მეტრზეა, მათი წყალი ყოველ სეზონზე ძალიან ცივია. გარშემო ალპური მდელოებია, სადაც კარვის გაშლაც შეიძლება. კამკამა, მოლივლივე ტბები, მასში არეკლილი ღრუბლებითა თუ მწვერვალებით წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. თანაც აქედან ზღაპრული ხედია ზემო სვანეთის სოფლებსა და ენგურის ხეობაზე.
მესტია-ქორულდის ტბების მარშრუტზე ლაშქრობა დიდ ფიზიკურ მომზადებას არ მოითხოვს. აქ ამოსვლა შეგიძლია როგორც ფეხითა და ცხენით, ისე მაღალი გამავლობის მანქანით.