KA
Fortress Modinakhe

მოდინახეს ციხე

ეს დიდებული ციხესიმაგრე თავად პაპუნა წერეთელს მას შემდეგ აუგია, რაც სასიმამროს დაუწუნებია, - ციხე არ გაქვსო. ზღვის დონიდან 700 მეტრზე, ცარცოვანი კირქვის თხემზე ასეთი ციხის აშენება XVIII საუკუნის 30-იან წლებში მხოლოდ სიყვარულით შთაგონებულს თუ შეეძლო. ფაქტია, აუშენებია და სასიმამროსთვის ამაყადაც შეუთვლია, - „მოდი, ჩემი ციხე ნახეო“. ასე დაერქვა ამ ციხეს „მოდინახე“.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
საჩხერე

ციხესიმაგრე იმერეთში, საჩხერის რაიონში მდებარეობს. ცნობილია, რომ იქამდე ორი გზა მიდიოდა და ციხესაც ორი გრძელი კედელი ჰქონია, ერთი კედელი მაღალი კოშკით ბოლოვდებოდა, მეორე კედლის დასასრულს კი ორი კოშკი ამაგრებდა. ციხესიმაგრის შუაში სახლი მდგარა, იქვე სამლოცველო და საპყრობილე ყოფილა. ეზოში მარანიც კი გაუკეთებიათ და მიწაში ქვევრები ჩაუყრიათ. 

1810 წლის აჯანყების შემდეგ რუსებმა სტრატეგიული მდებარეობის მქონე ციხესიმაგრე მოღალატეების მეშვეობით დაიკავეს და იქ თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. ამის შემდეგ ციხემ სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა. 

ციხესიმაგრის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია როგორც ადრე, ისე გვიანი ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა ნიმუში. ასევე, აღმოჩენილია ადრეული და გვიანი ანტიკური ხანის ნამოსახლარების ნაკვალევი, საბრძოლო იარაღი და იატაკის ნაშთი. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა