ქართული ანდერგრაუნდ კულტურა მხოლოდ მუსიკა არ არის - ეს ერთი დიდი მოძრაობაა, ოჯახი, ტომი და უბრალოდ იმ ადამიანთა გაერთიანება, რომლებისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა, ტოლერანტობა და ერთმანეთის სიყვარული მთავარი ღირებულებებია. ქართული ელექტრონული მუსიკა თითქოს უახლესი ისტორიის გადამღერებაა, დიჯეისეტებში ჩაქსოვილი ისტორიებით, ახალი აღმოჩენებით, თავდაუზოგავი შრომით და რაც მთავარია, მუდმივი წინსვლის სურვილით. ჯერ კიდევ 10 წლის წინათ ალბათ რთული იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ქართული ელექტრონული სცენა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების წამყვან საკლუბო სივრცეებს გაუწევდა კონკურენციას, თუმცა ახლა, როცა მთელმა მსოფლიომ იცის კლუბი „ბასიანის“ შესახებ, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კლუბური გართობა მხოლოდ დასვენება და მეგობრებთან ერთად გატარებული სასიამოვნო დრო კი არა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებების განვითარებისთვისაც.
ზოგადად საქართველოს ოდითგანვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა მუსიკასთან და რა გასაკვირია, რომ XXI საუკუნეში თანამედროვე ქართველმა საზოგადოებამ შეძლო, მთელი მსოფლიოსთვის შეეყვარებინა ის, რისიც თავად ძალიან სწამდა და უყვარდა. თუმცა ანდერგრაუნდი და კლუბები მხოლოდ რიტმული მუსიკა და მძიმე ჰანგები არ არის, აქ ერთი ძალიან უნიკალური და ამასთანავე, სენტიმენტალური, ემოციური და საოცრად გულწრფელი ქცევა ვლინდება. ეს არის ცეკვა - თავისუფალი მოძრაობების სინთეზი, ჰაეროვანი გადასვლები და გემოვნებიან ჟღერადობას აყოლილი სხეული, რომელიც ზოგჯერ ენერგიების აფეთქებას ჰგავს, ზოგჯერ კი მშვიდ და მარადიულ სათქმელს ემსგავსება.
სწორედ ელექტრონულ ბგერებთან თანწყობილი რხევა ქმნის ცეკვას, ანდერგრაუნდ კულტურის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს - სხვაგან არსად დაგხვდება ისეთი საცეკვაო მოედანი, როგორიც აქ, საქართველოში, დატვირთული სასიამოვნო მზრუნველობით, ღიმილითა და იმ განუმეორებელი ატმოსფეროთი, რაც, შეიძლება ითქვას, რომ ენდემურია.
თუკი საქართველოს ეწვევი და გადაწყვეტ, მოგზაურობის დროს ქართულ კლუბებსაც ესტუმრო, საცეკვაო მარშრუტი აუცილებლად აკაკი წერეთლის #2-ში მდებარე პიონერი კლუბიდან - Bassiani-დან უნდა დაიწყო. 2014 წლიდან ეს კლუბი უამრავი ცნობილი უცხოელი დიჯეისა თუ პროდიუსერის მასპინძელი ყოფილა - Bassiani ერთგვარად ქართული ელექტრონული სცენის ისტორიასაც წერდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში ტექნო, ჰაუსი და ელექტრო ნაკლებად ცნობილ მუსიკალურ ჟანრებად მიიჩნეოდა. დროთა განმავლობაში ამ ადგილმა შექმნა ქართული ანდერგრაუნდის კულტურა, ქცევა და წესები, რასაც ამ კლუბის სტუმრები დიდ პატივს სცემენ. ყოველ შაბათ-კვირას, კლუბი Bassiani-ს ორი სცენა - „Bassiani“ და „Horoom“ ათასობით ადამიანს მასპინძლობს და მთელი ღამის განმავლობაში თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ბრწყინვალე არტისტები უწყვეტი, თავისუფალი და იმპროვიზებული შესრულებით შთამბეჭდავ სამყაროში გამოგზაურებენ.
სხვადასხვა დროს „Bassiani-ს“ სცენაზე დაუკრავთ ისეთ ცნობილ არტისტებს, როგორებიც არიან: Function, Ben Klock, Vril, Courtesy, Setaoc Mass, Jeff Mills, Dj Nobu, Hector Oaks, Dr Rubinstein, Etapp Kyle, Dax J, Dopplereffekt, Zenker Brothers, Neel, Antigone, SPFDJ, Marcel Fengler, Vtss და სხვები. რაც შეეხება „Horoom-ს“, ამ სცენაზე Roi Perez-თან, Paramida-სთან, Efdemin-თან და Ateq-თან ერთად მისტიკურ, უწყვეტ ღამეებს ცნობილი ქართველი დიჯეები უძღვებიან - Hamatsuki, Kvanchi, Olly, Sophie Phare, Dj surge, Aksed, Nina Supsa და სხვები.
Zitto, NDRX, Newa და HVL კი „ბასიანის“ რეზიდენტი ის ქართველი არტისტები არიან, რომელთა მუსიკა და შესრულება უკვე დიდი ხანია, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სცენებსა და, კერძოდ, ბერლინის ანდერგრაუნდებში ისმის.
საქართველოში ანდერგრაუნდისა და ელექტრონული კულტურის განვითარებამ ხელი შეუწყო ახალი სივრცეების შექმნას, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესი და ძალიან საჭირო პროცესია. 2016 წელს თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის ქვეშ კლუბი „KHIDI“ გაიხსნა, რომელიც თავისი ეგზოტიკური სელექციებითა და ფერადი საკლუბო განათებებით ყოველ ღამეს გამორჩეულსა და დაუვიწყარს ხდის. „ხიდმა“ წლების განმავლობაში ისეთ არტისტებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: Regal, Ancient Methods, Inigo Kennedy, Matrixxman, Phase Fatale, Pablo Bozzi, Luke Slater, Volvox, James Ruskin, Tensalofficial და სხვები, ქართველ დამწყებ დიჯეებს კი კლუბის პირველ სართულზე განთავსებული სცენით „G2“ შესაძლებლობა მისცა, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსულიყვნენ.
დღესდღეობით თბილისში პოსტპანდემიურ რეალობაში ბევრი ახალი სივრცე იმკვიდრებს თავს, მათ შორის ყველაზე პოპულარული ადგილებია: TES, Left Bank, Murant Radio და Mono Hall. ამ ადგილებში პარასკევს, შაბათს და ზოგან კვირასაც კი ცნობილი ქართველი არტისტები დაგხვდებიან, რომლებისთვისაც დიჯეინგი ემოციებისა და დინამიკის გამოხატვის ყველაზე ახლობელი საშუალებაა.
თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, კლუბებისა და ანდერგრაუნდ სივრცეების პარალელურად, თბილისში აქტიურად ვითარდება ბარების კულტურაც და იქმნება ელექტრონული ჟღერადობის კონცეფციის გარშემო გაერთიანებული სივრცეები, რომლებიც განმტვირთველ საღამოებს ქართველი და უცხოელი დიჯეების მუსიკის თანხლებით გთავაზობენ, ესენია: Dedaena Bar, Love Bar, Paz bar, Banana Stage, Prince Bar და სხვები.
ახალი სივრცეების პარალელურად, თბილისში დაუვიწყარი წვეულებები ვეტერან კლუბებშიც იმართება. ამ სტატუსით კი ჯერ კიდევ ადრეულ 2010-იანებში აქტიურად მოქმედი Cafe-Gallery სარგებლობს, რომელიც სახელოვნებო მოტივებზეა შექმნილი და ერთ-ერთი პირველი ტოლერანტული ქართული კლუბია, სადაც როგორც ქართველები, ისე უცხოელი ტურისტები საქართველოში ელექტრონული მუსიკის განვითარების პერიოდამდეც იყრიდნენ თავს. ასევე ერთ-ერთი საკმაოდ „ძველი“ და საინტერესო კლუბია MTKVARZE, უცნაური ინტერიერისა და კონცეფციის მქონე ადგილი, რომელიც ზედ მდინარე მტკვარზეა აშენებული და კლუბამდე, ადრეულ პერიოდში თევზის რესტორანი ყოფილა.
საინტერესოა, როგორ ტრანსფორმაციას განიცდიან სხვადასხვა სივრცეები ჩვენს ქვეყანაში, უფრო საინტერესო კი ის არის, რამდენად ძვირფასია ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს კულტურა, ადგილები, რომლებიც ბევრი ადგილობრივისთვის საკუთარი სახლივითაა, ტურისტებისა და მოგზაურებისთვის კი დაუვიწყარი თავგადასავალი, რომელიც ერთხელ ნამდვილად არ გეყოფა.
ანდერგრაუნდ კულტურის განვითარებაზე საქართველოში სხვადასხვა დიჯეინგ სკოლა ზრუნავს - Creative Education Studio-ს, 303Hz-ისა და 11TH-ის პროფესიონალი ქართველი ლექტორები თავიანთ გამოცდილებასა და შემართებას დამწყებ არტისტებს უზიარებენ. მსგავსი ეკოსისტემები სტანდარტული საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან მკვეთრად განსხვავდება, რაც ახალგაზრდა მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს და სასწავლო პროცესსაც ენთუზიაზმს მატებს.
თბილისის ანდერგრაუნდის განვითარებამ მხარი დაუჭირა საფესტივალო კულტურის წინსვლასაც, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქართული ფესტივალების რაოდენობასა და ხარისხში ნამდვილად გამოიკვეთა. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი, სადაც კლასიკური როკის, მეტალის, ინდი როკის, პოპისა და ჰიპ-ჰოპის გვერდით ელექტრონული მუსიკაც იკვრებოდა, Tbilisi Open Air იყო. ამ ფესტივალმა ლოკალურ მუსიკალურ სცენას დიდი გამოცდილება მოუტანა და ბევრი დასამახსოვრებელი შესრულებაც აჩუქა.
უდიდესი ისტორიისა და ბევრი ტკბილი მოგონების მატარებელია 4GB ფესტივალი, რომელიც კოსმოსური ენერგიებისა და მისტიკური ჟღერადობების სამფლობელოში იმართება და ყოველ წელს ერთგულ მსმენელს თავდაუზოგავად ასაჩუქრებს მომდევნო წლის ფესტივალამდე სამყოფი დადებითი ენერგიით.
რაც შეეხება ნამდვილ კოსტიუმირებულ წვეულებას ელექტრონული მუსიკის თანხლებით, ეს „მზესუმზირაა“ მთაწმინდაზე, Ezo Festival-ის ტერიტორიაზე, სადაც, ცნობილ უცხოელ დიჯეებთან ერთად, ფესტივალის ადგილობრივი რეზიდენტები და გამორჩეული ქართველი არტისტები 3 სცენაზე მთელი ღამისა და მზიანი დილის განმავლობაშიც კი უკრავენ. „მზესუმზირა“ ერთგვარი თავგადასავალია ბუნებაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქართული ანდერგრაუნდი და ელექტრონული მუსიკის სცენა ძალიან სპეციფიკური, ეკლექტური, ორიგინალური და ხშირ შემთხვევაში განუმეორებელიც კი არის.
ცეკვით ტკბობის განთიადები და ბედნიერი ჟრიამული რომ თან სდევს ქართულ ელექტრონულ სცენას, ეს უკვე ბევრმა სხვადასხვა კლუბმა, ბარმა თუ ფესტივალმა ამაყად დაამტკიცა, მაგრამ განვითარებაზე ორიენტირებული ეს თანამედროვე კულტურა ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებსაც დგამს - სხვადასხვა სცენა ეტაპობრივად საქართველოს რეგიონებშიც იხსნება. მაგალითად, რაჭის ბუმბერაზ მთებში ბოლო წლებია ფესტივალი „ROKVA“ იმართება, შავიზღვისპირეთი ყოველ ზაფხულს აბობოქრებულ ტალღებს მძიმე მუსიკის ჟღერადობას უხამებს, ქვიშიან სანაპიროებს კი ახალ საცეკვაო მოედნებად აქცევს.
ელექტრონული მუსიკისა და ანდერგრაუნდ კულტურის განვითარების მხრივ გამორჩეული ქალაქია ბათუმი - აქ ყოველ ზაფხულს იქმნება ახალი სივრცეები, თუმცა, სიახლეებთან ერთად, ძველი, კარგად დამკვიდრებული „ვენიუებიც“ აგრძელებს მოღვაწეობას - „Gate“, „Zgvaze“, და „Kibe“ მთელი ზაფხულის განმავლობაში როგორც ქართველ, ისე უცხოელ დიჯეებსაც უთმობს სცენას, აჭარის ყველაზე გამორჩეული ქალაქი ბათუმი კი, თავის მხრივ, უამრავი ადგილობრივისა და მოგზაურის საზაფხულო მოგზაურობას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.
რთულია იმის დადგენა, რატომ არის ასეთი გამორჩეული ქართული ანდერგრაუნდი, ზუსტად რამ განაპირობა ქართველების ასეთი განსაკუთრებული ტრფობა ელექტრონული მუსიკის მიმართ და როგორ გახდა პატარა თბილისი „ახალი ბერლინი“, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ თავისი წარსულით არ აოცებს აქ ჩამოსულ ტურისტებს, ამ ქვეყანას მართლაც აქვს ის განუმეორებელი სულისკვეთება, მიზანდასახულობა და ენერგეტიკა, რომელიც ყოველ პარასკევს, ათასობით ახალგაზრდის ანთებულ თვალებში იკითხება და რომელიც ძალიან ძლიერი და ღირსეული მონაპოვარია.
ცეკვა ჩვენთვის ერთდროულად მშვიდ, ფარფატა, თავზეხელაღებულ და დაუმორჩილებელ ცხოვრებისეულ ტალღებზე პასუხია, ანდერგრაუნდი კი არის ის, რაც ჩვენი ქალაქის ემოციებსა თუ გრძნობებს საქართველოში ჩამოსულ მოგზაურებს გულწრფელად გაანდობს, შეაყვარებს და თავს სამუდამოდ დაამახსოვრებს.