KA

მწვერვალი ბუბა - კურორტი შოვი

ზაფხულში გრილი ნიავის შესაგრძნობად, ალპური მდელოების ფერადოვნებით დასატკბობად, გამჭვირვალე ჰაერის ჩასასუნთქად და შთამბეჭდავი მყინვარების მოსანახულებლად ერთი საშუალო სირთულის გზის გავლაა საჭირო კურორტ შოვიდან მწვერვალ ბუბამდე.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ონი

სად მდებარეობს ბუბა?

მწვერვალი ბუბა რაჭა-ლეჩხუმში, ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მამისონის უღელტეხილის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მწვერვალის სიმაღლე 4419 მეტრია და მისი სამხრეთი კალთები მყინვარებითაა დაფარული. მყინვარ ბუბის სიგრძე  2,7 კილომეტრია და მისი ენა ზღვის დონიდან 2765 მეტრამდე ჩამოდის. 

სწორედ ამ მყინვარის ქვეშ აღმოჩნდები, თუკი მწვერვალისკენ კურორტ შოვიდან აიღებ გეზს.

მარშრუტი მყინვარ ბუბამდე

ბუბის მწვერვალთან მოსახვედრად კურორტ შოვიდან 7-კილომეტრიანი საფეხმავლო გზა უნდა გაიარო. მარშრუტი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იწყება და მდინარე ბუბისწყლის ხეობით ბუბის მთისკენ მიდის. 650 მეტრის შემდეგ მარშრუტი მდინარე ბუბისწყლის მარჯვენა შენაკადის ხეობაში გრძელდება და აღმართით ფერდზე გადადის. 

გზის დასაფარად, საშუალოდ, 3 საათი და 30 წუთი დაგჭირდება და გზის ბოლოს, ზღვის დონიდან 2488 მეტრ სიმაღლეზე, მყინვარ ბუბის ქვეშ აღმოჩნდები. 

როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის

გზის კომფორტულად გასავლელად, უმჯობესია, თუკი სალაშქროდ ზაფხულის ცხელ დღეებს აირჩევ. ლაშქრობის დაწყება დილიდან ჯობს. გზა საშუალო სირთულისაა და მის დასაფარად განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება საჭირო არ არის. მარშრუტი ბუბის მყინვარის ენასთან სრულდება. მყინვარის დალაშქვრა გამყოლისა და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე არ უნდა სცადო.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა