KA

შოვი

თუ ივნისიდან ოქტომბრამდე, რამდენიმე დღით მაინც, საქართველოში მოგზაურობას გეგმავ, მაშინ შოვზე აუცილებლად უნდა იცოდე - რაჭის მთების მარგალიტზე, კურორტზე, რომელიც სამკურნალო, მინერალური წყლების, წიწვოვანი ტყეებისა და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერის სამეფოა.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:45 სთ
ბათუმი
5:05 სთ
ქუთაისი
2:40 სთ

სად მდებარეობს შოვი?

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი თავს მხოლოდ მარადმწვანე ტყეებითა და მუდამ თოვლიანი მყინვარებით არ შეგაყვარებს - შოვი რაჭული სტუმართმოყვარეობისა და სიმშვიდის ნამდვილი სიმბოლოა. ის ერთნაირად საინტერესოა როგორც გრილ და წყნარ გარემოში დასვენების მოყვარულთათვის, ისე სათავგადასავლო აქტივობებით დაინტერესებული მოგზაურებისთვის.

რითაა შოვი გამორჩეული?

შოვის სავიზიტო ბარათი, მთის ჰავის გარდა, მისი სამკურნალო წყალია. აქ 16 მინერალური წყაროა აღმოჩენილი და ისინი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. აქაური ნატრიუმ-კალციუმიანი წყაროების ჯადოსნური თვისებების შესახებ საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი, თუმცა კურორტად ჩამოყალიბება შოვმა ერთი საუკუნის წინ დაიწყო. დღეს აქ არაერთი სანატორიუმი, დიდი თუ საოჯახო ტიპის სასტუმრო, კოტეჯი გიმასპინძლებს, გელის რაჭული კერძები, უნიკალური ღვინო „ხვანჭკარა“ და შესაძლებლობა - გულღია და მშვიდი რაჭველები გაიცნო.

როგორ გაატარებ დროს შოვში?

შოვი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც საფეხმავლო ტურები იზიდავს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საინტერესო სალაშქრო მარშრუტი უძირო ტბასთან ადის. სურვილის შემთხვევაში ზამთრის სეზონზე სკიტურის მოწყობაც შესაძლებელია შოვის შემოგარენში.

ამგვარად, თუ შენს გეგმებში საქართველოს მთიანი რეგიონის მონახულება, მუქი ლალისფერი უიშვიათესი ღვინის გასინჯვა, თავგადასავლები და ბევრი ჟანგბადის შეგრძნება შედის, რაჭის მთების მარგალიტს - შოვს აუცილებლად უნდა ესტუმრო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა