ომალოსა და შატილის ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპისა და ხანგრძლივობის მარშრუტებით. აქ წარმოდგენილია 2 პოპულარული ვარიანტის კომბინაცია.
მარშრუტი სოფელ ომალოდან იწყება და ტყის ბილიკით ღელეს უღელტეხილისკენ უნდა გაემართო, საიდანაც პირიქითა ალაზნის ხეობაში დაეშვები, ფერდს გაუყვები და სოფელ დართლოში ჩახვალ. დართლო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად მონახულებადი სოფელია, რომელსაც მისი ავთენტური არქიტექტურა, თუშური სახლებისა და კოშკების სიუხვე გამოარჩევს.
თუკი მოგზაურობას კესელოს ციხის მიმდებარედ დაიწყებ, ამ დღეს გასავლელი მანძილი დაახლოებით 11 კილომეტრი იქნება. მარშრუტი ძირითადად გრუნტის საავტომობილო გზას მიუყვება.
დართლოდან საფეხმავლო ბილიკით სერპანტინს უნდა აუყვე და სოფელ კვავლოში ახვალ. კვავლო უშუალოდ დართლოს თავზეა გაშენებული და აქედან შესანიშნავი ხედები იშლება მთელს შემოგარენზე. კვავლოდან უკვე ფერდზე გამავალ ბილიკს გაუყვები და ამჯერად სოფელ დანოში მიხვალ. დანოდან ბილიკი დაბლა ეშვება და კვლავ სამანქანო გზას უერთდება. შემდეგ გაივლი ჭეშოს, ფარსმას და საბოლოოდ სოფელ გირევში ჩახვალ. გირევში ღამის გათევას საოჯახო სასტუმროში ან სპეციალურად გამოყოფილ საბანაკე ტერიტორიაზე შეძლებ.
მოგზაურობის მეორე დღეს დაახლოებით 17 კილომეტრს გაივლი. მარშრუტი მეტწილად გრუნტის საავტომობილო გზა მიუყვება.
ამასთანავე, აუცილებელია, ამ დღესვე დარეგისტრირდე სასაზღვრო პოლიციასთან, რადგან აქ საქართველო-რუსეთის საზღვარია, ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთი. რეგისტრაციის გავლის პროცესი, დაახლოებით, ერთ საათს მოითხოვს.
გირევიდან ქვახიდისწყლის ხეობას გაუყვები, ნასახლარ ჭონთიოს გაივლი და ქვახიდის საბანაკესთან მიხვალ. გზა 15 კმ-ია და საშუალო სირთულის კატეგორიას მიეკუთვნება. აქ მრავალფეროვანი ლანდშაფტის ხეობა დაგხვდება, რომელიც ულამაზესი სანახავია.
ქვახიდიდან აწუნთის მიმართულებით უნდა წახვიდე. ბილიკის სიგრძე 17 კილომეტრია და საკმაოდ რთული დასაძლევია.
ქვახიდისწყლის ხეობას შიგნით უნდა შეუყვე, მდინარის გადაკვეთაც მოგიწევს, რაც არცთუ ისე მარტივია. შემდეგ უღელტეხილისკენ რთულ აღმართებს აუყვები. აწუნთის უღელტეხილზე 3520 მეტრ სიმაღლეზე ადიხარ და პირიქითა ხევსურეთის მხარეს დაეშვები. აქედან პირველად აწუნთის საბანაკემდე ადგილთან მოხვდები, რომელიც უღელტეხილიდან 2,3 კილომეტრშია, ღამის გასათევად კი 6 კმ-ით ქვევით, ხიდოტანის საბანაკეზე ჩახვალ. იქვე დაინახავ მესაზღვრეების პოსტს, სადაც მათ გირევში აღებულ ნებართვას აჩვენებ.
მოგზაურობის ბოლო დღეს დაახლოებით 18 კილომეტრს გაივლი. ხიდოტანიდან ხონისწყლის ხეობაში დაეშვები, სოფელ ხონისჭალას გაივლი და სულ მალე სოფელ მუცოსთან მოხვდები, რომელიც ხევსურეთის გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ულამაზესი მუცოს შემდეგ მარშრუტს ჩრდილოეთით გააგრძელებ და 11 კილომეტრის შემდეგ ციხე-სოფელ შატილში ჩახვალ. სამშენებლო ხელოვნების ამ უნიკალური ნიმუშის ხილვა ნამდვილად დაუვიწყარი მოგონებად დაგრჩება.
მუცოდან შატილამდე მარშრუტი საავტომობილო გზას მიუყვება.
ომალო - შატილი მარშრუტის მეორე ვარიანტი უფრო მოკლეა და 4 დღე გრძელდება. ეს ვარიანტი პირველივე დღეს გირევში ჩადის, ხოლო გირევიდან ისეთივე განრიგით გრძელდება როგორც ზემოთ არის აღწერილი. მეორე ვარიანტის შემთხვევაში, მოგზაურობის პირველი დღე ასეთია:
მარშრუტი სოფელ ომალოდან იწყება და ტყის ბილიკით ღელეს უღელტეხილისკენ უნდა გაემართო, საიდანაც ნაყაიჩოს ქედზე შედგები და ნაყაიჩოს უღელტეხილის მიმართულებით წახვალ. უღელტეხილიდან ჯერ სოფელ ფარსმაში დაეშვები, იქიდან კი სოფელ გირევში მიხვალ. გირევში ღამის გათევას საოჯახო სასტუმროში ან სპეციალურად გამოყოფილ საბანაკე ტერიტორიაზე შეძლებ.
ამასთანავე, აუცილებელია, ამ დღესვე დარეგისტრირდე სასაზღვრო პოლიციასთან, რადგან აქ საქართველო-რუსეთის საზღვარია, ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთი. რეგისტრაციის გავლის პროცესი, დაახლოებით, ერთ საათს მოითხოვს.
თუკი მოგზაურობას კესელოს ციხის მიმდებარედ დაიწყებ, ამ დღეს გასავლელი მანძილი დაახლოებით 26 კილომეტრი იქნება, რომლის ერთ დღეში დაფარვაც კარგ ფიზიკურ მზადყოფნას მოითხოვს.