KA

ომალო-ბორბალო-შატილი

თუშეთი და ხევსურეთი საქართველოს გამორჩეული მხარეებია, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს თავისი განსაკუთრებული ბუნებით ხიბლავს. ეს ადგილები საუკეთესოა ლაშქრობებისთვის, რადგან საუკუნეების წინანდელი ისტორიების ფონზე აქ ულამაზეს ბუნებას შეხვდები
რეგიონი
კახეთი
სოფელი
ომალო

დღე პირველი: ომალო-ვარდავაკეს საბანაკე

ხუთდღიანი ლაშქრობა საკმაოდ რთული და მრავალფეროვანია, თუმცა ზღვის დონიდან 3000 მეტრზე რომ ახვალ, ბუნების ძეგლებთან ერთად შესაძლოა ულამაზესი ნიამორებიც იხილო. 

მარშრუტი თუშეთიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდან იწყება. მარშრუტი ჯერ გოგორათას მთაზე ადის, შემდეგ მაკრატელას ქედს გადაივლის და სოფელ ჯვარბოსელის მიმართულებით ეშვება. ღამის გასათევად შეგიძლია ვარდავაკეს ტერიტორიაზე დაბანაკდე, ან სოფელ ჯვარბოსელში, საოჯახო სასტუმროში დარჩე.

მარშრუტის ეს მონაკვეთი დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე ადის, მისგან ერთ მხარეს გომეწრის ხეობაა, ხოლო მეორე მხარეს პირიქითა ალაზნის ხეობა.

დღე მეორე: ვარდავაკეს საბანაკე - ალაზნისთავის საბანაკე

მეორე დღეს ვარდავაკედან სოფელ ალისგორისკენ უნდა აიღო გეზი და ალაზნის ხეობას გაუყვე მისი სათავისაკენ. დაახლოებით 25 კილომეტრის გავლის შემდეგ ალაზნისთავის საბანაკემდე მიხვალ, სადაც ტურისტულ თავშესაფარი (კოტეჯი) დაგხვდება. ამ მანძილის გასავლელად დაახლოებით 7-8 საათი დაგჭირდება.

დღე მესამე: ალაზნისთავის საბანაკე - კოპალას ტბა

ალაზნისთავის საბანაკედან ბორბალოს მთის მიმართულებით უნდა წახვიდე. ერთი საათის სავალზე სამხრეთით უღელტეხილ საყორნეზე ახვალ და ბორბალოს უღელტეხილისკენ მიმავალ ქედს გაუყვები, რომელიც 3030 მეტრ სიმაღლეზეა და ხევსურეთს, ფშავსა და თუშეთს აკავშირებს. ბორბალოდან საბანაკეზე ეშვები, რომელიც კოპალას ტბასთან მდებარეობს, სადაც საკარვე ადგილები შეგხვდება. ამ ადგილიდან რამდენიმე ბილიკი ფშავის მიმართულებითაც ეშვება.

დღე მეოთხე: კოპალას ტბა-არდოტი

კოპალას ტბიდან ბილიკი ანდაქისწყლის ხეობაში ეშვება, გზად გაივლის სოფელ არჭილოს, სოფელ ანდაქს, და  საბოლოოდ სოფელ არდოტში მიდის. ღამის გასათევად შეგიძლია მდინარის ნაპირებზე დაბანაკდე, ან არდოტის რომელიმე საოჯახო სასტუმროში დარჩე.

დღე მეხუთე: არდოტი - შატილი

არდოტიდან ბილიკი კვლავ მდინარის ხეობას მიუყვება და სულ რაღაც 5 კილომეტრის გავლის შემდეგ ციხე-სოფელ მუცოსთან აღმოჩნდები, რომელიც ციცაბო კლდეზეა შეფენილი და საოცარი არქიტექტურით გამოირჩევა. მუცოდან მარშრუტი უკვე ფართო სამანქანო გზა მიუყვება და 11 კმ-ის გავლის შემდეგ ციხე-სოფელ შატილში ჩადის, ეს უნიკალური კომპლექსი მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. შატილში მრავალი საოჯახო სასტუმრო და კარგი საკარვე ადგილებია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა