KA

ერთდღიანი ჯიპ-ტური: თბილისი - ძამას ხეობა - შუანოს მთა - გუჯარეთისწყლის ხეობა

ამ ტურით ერთ დღეში მოინახულებ შიდა ქართლში მდინარე ძამის ხეობას, რომელიც გამორჩეულია ისტორიული თუ ბუნების ძეგლების სიმრავლით, გადაივლი შუანოს მთას, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება და მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობით სამცხე-ჯავახეთში ჩახვალ.
რეგიონი
შიდა ქართლი

თბილისიდან დასავლეთით, ქარელის მიმართულებით უნდა გაემგზავრო. 

ქარელიდან გზას მდინარე ძამის ხეობაში გააგრძელებ, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან ზოგიერთ ადგილას 2 000 მეტრამდეც აღწევს. 

ძამის ხეობაში ბევრი საინტერესო მიმართულებაა როგორც თავგადასავლების მოყვარულებისთვის, ისე პილიგრიმებისთვის. მათ შორის: სოფელი ყინწვისი და ყინწვისიდან 10 კილომეტრში მდებარე XIII საუკუნის ყინწვისის მონასტერი

სოფელ ორთუბანში ღვთისმშობლის შობის სახელობის უძველესი ეკლესია და მზოვრეთის მამათა მონასტერი; ასევე ულამაზესი ბატეთის ტბა, რომლის ნაპირზეც შესაძლებელია პიკნიკის მოწყობა. 

როცა ამ ადგილებს მოივლი, ცენტრალურ გზაზე დაბრუნდები და ძამის ხეობის სიღრმეში ქოზიფას მიმართულებით გაემგზავრები - ქოზიფა შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსია, სადაც ახლა მამათა მონასტერია. 

ქოზიფადან გზა შუანოს მთაზე ადის, საიდანაც საოცარი პანორამული ხედები იშლება. შემდეგ მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში ჩადიხარ. 

ამ ხეობიდან სამი გზაა და არჩევანი შენზეა: ერთი, რთული გზა, ტაბაწყურის ტბისკენ მიდის, მეორე გზა სათხილამურო კურორტ ბაკურიანში აგიყვანს, გზად დიდ და პატარა მიტარბს გაივლი, მესამე გზა კი წაღვერისკენ ეშვება და შეგიძლია, ტური ბორჯომში დაამთავრო. 

სასარგებლო ინფორმაცია

ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის ავტომობილი უნდა იყოს suv ან cross ტიპის, შესაბამისი აღჭურვილობით. 

სეზონი მაისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.

რელიეფიდან გამომდინარე, რეკომენდებულია A/T ან M/T საბურავი.

თან უნდა იქონიო GPS ნავიგატორი.

საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია დაუკავშირდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, ნომერზე 112. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა