თეატრი 2001 წელს საჩხერეში ჩამოყალიბდა და მაყურებლის სიყვარული მალევე დაიმსახურა. აქ უკვე ბევრი პიესა დაიდგა. მათ შორის პირველი იყო ფსიქოლოგიური დრამა „დასასრულის მოლოდინში“. მას მოჰყვა: „ფერადი ბუშტები“, „სტუმარ-მასპინძელი“, „დანაშაული და სასჯელი“, „შერეკილები“ და სხვა.
თეატრის დასი აქტიურად და წარმატებითაა ჩართული ფესტივალებსა და კონკურსებში. აღსანიშნავია ქართველი კლასიკოსის რევაზ გაბრიაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „შერეკილების“ წარმატება. 2017 წელს სპექტაკლი ქუთაისში გამართული საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“ მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. იმავე წელს თეატრი გასტროლებით იმყოფებოდა საბერძნეთში, სადაც ათენის „ალკიონის“ სცენიდან მაყურებელს სპექტაკლი „ფერადი ბუშტები“ წარუდგინა.
„პაოლოს თეატრის“ მსახიობები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობენ და მაყურებლის წინაშე ცნობილ პიესებს თავიანთი ინტერპრეტაციებით აცოცხლებენ.