მესტიაში პარაპლანის ორი მარშრუტია: ჯვრის მთიდან, ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე და ზურულდის მთიდან.
ჯვრის მთიდან ფრენა იწყება 2288 მეტრის სიმაღლიდან, გამოფრენისთანავე მიწიდან სიმაღლეა 1000 მეტრი.
ზურულდის მთიდან ფრენა იწყება 2290 მეტრიდან, მიმართულებაა მესტიისკენ. ზურულდის ფრენა შესაძლებელია დავასრულოთ როგორც ჰაწვალის საბაგიროსთან, ასევე მესტიის დასაჯდომ ლოკაციაზე.
ფრენისას თქვენ თვალწინ 3600C-იანი კავკასიონის პანორამა იშლება - მესტიის კოშკები, ტაძრები და სოფლები.
მესტიაში ჯვრის მთიდან ფრენები იწყება გვიან გაზაფხულზე, როცა სამანქანო გზა იხსნება და სეზონი გრძელდება მთელი ზაფხული და შემოდგომა. ზამთარში კი საფრენ ადგილამდე თოვლმავალით მიხვალთ.
ზურულდიდან ფრენა შესაძლებელია ზამთრის სეზონზეც, როდესაც ჰაწვალის საბაგირო აქტიურად ფუნქციონირებს.
ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს, მინიმუმ, 30 კგ და, მაქსიმუმ, 220 კგ.
აღნიშნულ ლოკაციაზე პარაგლაიდინგი ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით.
ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ-პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.
პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი, ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდა გქონდეთ მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საჭიროების შემთხვევაში, პილოტები იზრუნებენ თქვენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი.
შეგიძლიათ ფრენა გადაიღოთ GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.
კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი გიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.