ახალციხეს ორ ნაწილად ყოფს მდინარე ფოცხოვი: მარჯვენა სანაპიროს განაშენიანება XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს დასაბამს, ქალაქის უძველესი ნაწილი, ციხესიმაგრე და რაბათის უბანი კი ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზეა გაშენებული.
ახალციხის ციხის თავდაპირველი სახელია ლომსია (ლომსიანთა) და მისი დაარსება IX საუკუნის ტაოელ ბაგრატიონთა ცნობილ წარმომადგენელს, გუარამ მამფალს უკავშირდება.
ციხის სიახლოვეს ქალაქური ტიპის დასახლების კონტურები აქ XI საუკუნიდან იკვეთება.
XIII საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებში ლომსია უკვე ახალციხის სახელით იხსენიება.
XIV საუკუნიდან ის ჯაყელთა საგვარეულო რეზიდენცია და სამცხის საათაბაგოს ცენტრალური ქალაქი გახდა. 1578 წელს ახალციხე ოსმალებმა დაიპყრეს და 1628 წლიდან უკვე ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის, საფაშოს ცენტრია.
თურქი მოგზაურის ევლია ჩელების (1611-1683) ცნობით, XVII საუკუნის შუახანს ახალციხე შედგებოდა ციხისა და მის მიმდებარედ გაშენებული საცხოვრებელი უბნისგან - რაბათისგან. ციხე და უბანი თხრილზე გადებული პატარა ხიდით უკავშირდებოდა ერთმანეთს. რაბათში 300 პატარა დუქანი იყო.
ცხადია, უბანი, საცხოვრებელთან ერთად, სავაჭრო ფუნქციასაც ითავსებდა. ამას მისი სახელიც ადასტურებს: ძველებრაულ ენაზე სიტყვა „რაბათი“ პირდაპირი თარგმანით არის „ფასდაკლება ვაჭართათვის“, რაც, სავარაუდოდ, დღევანდელი მნიშვნელობით საბითუმო ან შეღავათიანი გადასახადების მქონე სავაჭრო ადგილს ნიშნავს.
ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის ცნობით, XVII საუკუნეში ახალციხეში ცხოვრობდნენ ქართველები, თურქები, სომხები, ბერძნები და ებრაელები. რაბათის განაშენიანება მოიცავდა საკულტო შენობების სიახლოვეს განთავსებულ სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის მიკროუბნებს:
ქართველები და ბერძნები წმ. მარინეს ეკლესიის სიახლოვეს ცხოვრობდნენ უბნის დასავლეთ ნაწილში.
მათ მეზობლად იყო ქართველ და სომეხ კათოლიკეთა უბანი სამი ეკლესიით: ორი - სომხურ-კათოლიკურ, ხოლო მესამე ლათინურ-კათოლიკურ მრევლს ეკუთვნოდა. ამ უკანასკნელთან იყო კაპუცინების საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო.
კათოლიკეების უბანს მოსდევდა სომეხ მონოფიზიტთა უბანი, რომლის ცენტრშიც იყო მთავარი სალოცავი - წმინდა სტეფანეს ეკლესია.
რაბათის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს ებრაელთა დიდი უბანი - დარამალა მდებარეობდა, სადაც, მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს (1798-1850) ცნობით, მრევლს, სინაგოგის გარდა, სათემო მმართველობის შენობაც ჰქონდა.
რაბათის განაშენიანება საკმაოდ მჭიდრო იყო და ფერდობზე ტერასულად შეფენილი, დარბაზული ტიპის ბანიანი საცხოვრებელი სახლებისგან შედგებოდა. დედაბოძებზე დაყრდნობილი ხის გვირგვინისებრი გადახურვის მქონე დარბაზი ერთნაირად მისაღები იყო რაბათის ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის, რადგან ეს არქიტექტურა როგორც კავკასიის, ისე აღმოსავლეთ ანატოლიის უძველესი საცხოვრებლების მსგავსია.
ახალციხის განთქმული ბაზარი რაბათის სამხრეთ ნაწილში იყო განთავსებული და ის ქრისტიან ტყვეთა ვაჭრობის ცენტრალურ ადგილად მიიჩნეოდა;
საბჭოთა პერიოდში თურქეთთან, როგორც ნატოს წევრ ქვეყანასთან, საზღვარი ჩაკეტილი იყო; ახალციხეში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით შეიძლებოდა. ამან გარკვეულად შეაფერხა ქალაქის განვითარება, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ თურქეთთან საზღვარი გაიხსნა და ახალციხის განახლებასაც შეუქცევადი სახე მიეცა.
რაბათის უბნის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011-2012 წლებში განხორციელდა. რეაბილიტირებული ციხის გახსნის საზეიმო კონცერტზე მსოფლიოს ცნობილმა მომღერალმა შარლ აზნავურმა იმღერა, რომლის მამაც ახალციხეშია დაბადებული და მისი ძველი სახლი ახლაც არსებობს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, XIX საუკუნეში გაშენებულ მარდის უბანში.
რაბათის ახლანდელ საცხოვრებელ სახლთა უდიდესი ნაწილი XX საუკუნეს მიეკუთვნება, თუმცა ქუჩათა ქსელი შუა საუკუნეებიდან უცვლელად არის შემორჩენილი. საცხოვრებელ სახლებში ყურადღებას იქცევს ლითონის მხატვრულად დამუშავებული დეტალები: აივნებისა და კიბეების მოაჯირები, შესასვლელი კარების აჟურული წინფრები და სახურავის წყალსაწრეტი მილები.
ქრისტიანული ტაძრების, ოსმალური პერიოდის აბანოსა და ქართველების მიკროუბანში ჯერ კიდევ შემორჩენილი რამდენიმე დარბაზის გარდა, რაბათში არის ორი - 1863 და 1902 წლებში აშენებული სინაგოგა. ძველი სინაგოგის ინტერიერი მთლიანად ქართული ტრადიციული ხის ჭვირულმოაჯირიანი ანტრესოლითა და თეჯირებით არის მოწყობილი.
მნიშვნელოვანი მემორიალური ძეგლებია დაცული უბნის ჩრდილოეთით მდებარე ებრაელთა სასაფლაოზე, რომელიც დაბალი ღობე-გალავნით შემოსაზღვრულ ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი.
ახალციხე დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია საქართველოში, რადგან ტურისტებისთვის აქ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა არსებობს: ახალციხის ციხის შიდა ტერიტორიაზე და რაბათის უბანშიც არის დიდი და მცირე სასტუმროები, კაფე-ბარები, რესტორნები და მაღაზიები.