რკონი და ატენი შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ მოსახვედრად თბილისიდან 2-საათიანი გზის გავლა მოგიწევს, ხოლო რკონს და ატენს ერთმანეთთან საშუალო სირთულის სალაშქრო ბილიკი აკავშირებს.
მარშრუტის სირთულისა და დასაფარი მანძილის გათვალისწინებით, დისტანციის დასაფარად ორი დღეა საჭირო.
მოგზაურობა სოფელ რკონის ცენტრიდან იწყება - 11-კილომეტრიანი გზა სოფელ წითელწყარომდე, ნათლისმცემლის ეკლესიამდე მიგიყვანს, შემდეგ სოფელ ლულში ჩახვალ, სადაც იოლად შეძლებ საბანაკე ადგილის შერჩევას.
მეორე დღეს სოფელ ლულიდან 19-კილომეტრიან მარშრუტს შეუდგები. აღმართიან გზას რომ აუყვები და რაზმეთის ქედზე ახვალ, შენ წინ უმშვენიერესი ხედი გადაიშლება. შემდეგ კი ციცაბო კლდეზე აგებულ წმ. გიორგის ეკლესიამდე გააგრძელებ გზას, მდინარე ტანას ხეობისკენ ჩახვალ და მარშრუტს ატენის სიონის ტაძართან დაასრულებ.
ატენის სიონი VII საუკუნის I ნახევრის ჯვარგუმბათოვანი ტაძარია, რომლის კედლებზეც სხვადასხვა ეპოქის უნიკალური ქართული წარწერებია შემორჩენილი. ტაძარში უძველესი დეკორის ფრაგმენტებსაც შეხვდები.