KA

რკონი-გოსტიბე

თუ თავგადასავლებსა და გასაოცარ ბუნებას ეძებ, რკონი - გოსტიბეს საფეხმავლო და სამთო-საველოსიპედო მარშრუტზე განუმეორებელ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს გადააწყდები. ეს ადგილი ზაფხულში სრულ სიმწვანეშია ჩაფლული, ხოლო შემოდგომაზე ტყეების სიჭრელე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებს.
რეგიონი
შიდა ქართლი
სოფელი
რკონი

სად მდებარეობს რკონი და გოსტიბე?

რკონი და გოსტიბე კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებია ახალქალაქის თემში, სადაც თბილისიდან დაახლოებით 2-საათიანი გზის გავლის შემდეგ მოხვდები.

როგორია სალაშქრო მარშრუტი?

გოსტიბე რკონის აღმოსავლეთით მდებარეობს, ამიტომ მარშრუტზე ჯერ გრუნტის სამანქანო გზა შეგხვდება, რომელიც რამდენჯერმე გადაკვეთს მდინარეს; შემდეგ კი შერეულ ტყესთან და საპიკნიკე ადგილთან აღმოჩნდები, სადაც შესვენებას, წახემსებასა და დარჩენილი გზის გასავლელად ძალების მოკრებას შეძლებ.

საპიკნიკე ადგილიდან გზა შედარებით რთულდება. მთაზე მდებარე ჭავჭავის ნასოფლარს რომ  გაივლი, სოფელ გოსტიბეში მოხვდები, სადაც ნებისმიერ სეზონზე ამაღელვებლად ლამაზი ბუნება დაგხვდება.

მთლიანი გზა დაახლოებით 10 კილომეტრია და მის დასაფარად 4 საათი დაგჭირდება. ლაშქრობისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ კარგი აღჭურვილობა გქონდეს და კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გეცვას. გაითვალისწინე, რომ წყალი და საკვებიც აუცილებლად უნდა წაიღო.

რომელ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს ნახავ?

მანამ, სანამ გოსტიბეს გზას დაადგები, რკონის მიმდებარედ შენს ყურადღებას რამდენიმე ღირსშესანიშნაობა მიიპყრობს, ესენია: რკონის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ისტორიაც VII საუკუნიდან იწყება; ორიოდე კილომეტრში იკვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შეგხვდება, ხოლო სოფელ ჩაჩუბეთთან - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და თამარის ხიდი; გოსტიბეში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასაც ნახავ; აღმოსავლეთით კი მთის ფერდობზე კოშკი და არქეოლოგიური ძეგლი - ნასოფლარი და სამაროვნები დაგხვდება.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა