KA

რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1950 წელს ერთ-ერთი პირველი ქართველი არქეოლოგის გიორგი ლომთათიძის ინიციატივით დაარსდა.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
რუსთავი

რას ნახავ რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში?

მუზეუმში დაცული არტეფაქტები შუა საუკუნეების ქართული ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას გაგაცნობს.

ეს ადგილი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მხარეა; რეგიონის სახელი ,,რუსთავი“, ანუ რუს სათავე და სამეურნეო პროფილი, ველების მოსარწყავად შექმნილმა არხმა განსაზღვრა. სავაჭრო გზების სიახლოვემ, ხელოსნობის, ლითონისა და მინის წარმოებამ კი განაპირობა, რომ რუსთავი V-VIII საუკუნეებში კუხეთის საერისთავოს ცენტრი იყო.

ქალაქ რუსთავისა და ისტორიული კუხეთის (გარდაბნის რაიონი) ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული არტეფაქტები ძვ. წ. XIX საუკუნიდან XVIII საუკუნემდე პერიოდს მოიცავს;

მუზეუმში 28 771 ექსპონატია დაცული. აქ წარმოდგენილია თიხის, ფაიანსის, მინის ჭურჭელი, საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ადგილობრივი და უცხოური წარმოების, მათ შორის, სასანური სარდიონისა და ქვის საბეჭდავები, ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული კოლექციები, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და სხვა.

საყურადღებოა მუზეუმის მეორე სართულზე გამოფენილი ნახატები, რომლებშიც საღებავისა და ფანქრის ნაცვლად ობობიას ქსელებია გამოყენებული. ამ იშვიათი ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები რუსთაველ მხატვარს ია მღებრიშვილს ეკუთვნის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა