თაღოვანი არქიტექტურით, კეთილმოწყობილი ინტერიერით, გარე აუზითა და მწვანე ბუნებით, სანატორიუმი ნებისმიერს შეუქმნის სასიამოვნო განწყობას. ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მისგან ფეხით 5-6 წუთის სავალზეა სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა ცენტრის №6 წყაროც. შენი გულის, სისხლძარღვების, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული სისტემისა და კანის ჯანმრთელობაზე აქ ნამდვილად იზრუნებენ.
როგორც სანატორიუმში, ისე მთლიანად კურორტ წყალტუბოში ყველაფერი დაგხვდება, რაც ფიზიკური გაჯანსაღებისა და კომფორტულად დასვენებისთვის არის საჭირო. აქაური თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებისა და წიწვოვანი ტყის ჰაერის დახმარებით კი შეძლებ აღიდგინო ენერგია, განიტვირთო და მშვიდად გაატარო დასვენების დღეები.
თუმცა წყალტუბო მხოლოდ სამკურნალო წყლები არ არის. აქაც და მის ირგვლივაც ბევრი ღირსშესანიშნაობაა - ცივი ტბა, თეთრა მღვიმე, წყალტუბოს პარკი, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებულია, ასევე პრომეთეს მღვიმე, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი და არაერთი სხვა ადგილი, რომლებიც დასვენებას მშვენიერ შემეცნებით თავგადასავლადაც გიქცევს.