KA
2024-12-13T23:25:48.000000Z
საქართველო როგორც ღვინის აკვანი

საქართველო როგორც ღვინის აკვანი

ქართული ღვინო 8000 წლისაა - იმ დროს უკვე იცოდნენ ქართველებმა ქვევრის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე მეთოდად იქცა. იცით, ეს ციფრები რას ნიშნავს? თუ გაინტერესებთ, ღვინის გზას გავუდგეთ…
სარჩევი

ადამი და ევა, ნოეს კიდობანი და ქართული ღვინო

ბიბლიის წელთაღრიცხვა ქრისტეს შობამდე 5604 წლიდან იწყება, როდესაც ღმერთმა გველის მიერ ცდუნებული ადამი და ევა სამოთხიდან გააძევა. ჩვენს წელთაღრიცხვასაც თუ დავამატებთ, გამოდის, ეს ამბავი 7626 წლის წინათ მოხდა, ანუ კარგა ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ქართველებმა ქვევრის გამოყენება დაიწყეს.

ისიც საინტერესო ამბავია (გინდ დაიჯერე, გინდ - არა), რომ ბიბლიის პერსონაჟებს შორის ღვინის უპირველესი მოყვარული ნოე იყო -  დიახ, კიდობნის შემქმნელი და სამყაროს გადამრჩენი ნოე. 

არსებობს ლეგენდაც, რომ, როდესაც კიდობანი ზღვამ დიდი არარატის მთასთან გამორიყა, ნოე თავისი ამალით მაღალი მთებისკენ წასულა. ეს იყო სწორედ კავკასია და ერთ ადგილას ღვინო გაუსინჯავს - სავარაუდოდ, მარნეულის მიდამოებში, სადაც მსოფლიოში უძველესი - 8000 წლის ღვინის ნაკვალევი აღმოაჩინეს. 

ამ აღმოჩენას, ქართველ მეცნიერებთან ერთად, 7 ქვეყნის სპეციალისტები 3 წელი იკვლევდნენ, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორის, ბიოქიმიკოსისა და ღვინის მკვლევრის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით. შედეგად საქართველო ღვინის სამშობლოდ მთელმა მსოფლიომ აღიარა.

ვაზი და თიხა – ყველაზე ხანდაზმული წყვილი

ახლა რაც შეეხება უშუალოდ ქვევრსა და ქართულ ღვინოს. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში ქვევრში ღვინო, სულ მცირე, 8 000-ჯერ არის დაყენებული. თიხისა და ვაზის ასეთი ხანგრძლივი და ჰარმონიული თანაცხოვრება მართლაც რაღაც მაგიასთანაა დაკავშირებული. 

ღვინის ქვევრში დაყენება არ არის მარტივი პროცესი, მას ცოდნა სჭირდება და საიდან მიიღო 8000 წლის წინანდელმა ადამიანმა ასეთი ცოდნა? ეს კითხვა იმდენად შორს წაგვიყვანს, რომ შეიძლება, საქართველოსა და ქართულ ღვინოსაც გავცდეთ. 

ქართული ღვინო და ქართული სიმღერა

საქართველოში ღვინო მთელი კულტურის ერთგვარი ღერძია, რომლის გარშემოც იბადება და ვითარდება ყველაფერი: ქართული პოლიფონიური სიმღერების მნიშვნელოვანი ნაწილი ვაზსა და ღვინოს ეძღვნება; არის ფოლკლორული ნაწარმოებები, რომლებსაც სარიტუალოდ ასრულებდნენ ვენახის მოვლის, მოსავლის აღების, ღვინის დაწურვის, ქვევრის მოხდისა და სხვა ეტაპებზე. საინტერესოა, რომ ქართველები ერთი და იმავე სიმღერით ეგებებოდნენ ოჯახში ახალი ბავშვისა და ახალი ღვინის დაბადებას.

ამ სიმღერებს დღესაც ღიღინებენ გლეხები თავიანთ ვენახებსა და მარნებში, პროფესიონალური ფოლკლორული ანსამბლები კი მთელ მსოფლიოს აცნობენ ქართულ ღვინოზე დაშენებულ ამ არამატერიალურ შედევრებს. 

რატომ საქართველო? – აქ ყველა გზა ღვინოსთან მიდის

საქართველოში მოგზაურობისას ბევრგან შეხვდები ერთ მოკრძალებულ საგზაო მანიშნებელს წარწერით - „ღვინის გზა“. 

თუ მას გაუყვები, სულ მალე მიხვალ დიდ, ინდუსტრიულ მეღვინეობამდე ან  საოჯახო, მცირე მარნამდე, სადაც საუკეთესო ღვინოებს აწარმოებენ - მცირე რაოდენობით და მხოლოდ პრემიუმ ხარისხისას. მცირე მარნებში გასტრონომიაც მხოლოდ ადგილობრივია და იდეალურადაა შეხამებული ადგილწარმოშობის ღვინოებთან. 

„ღვინის გზას“, რომელსაც, წარწერასთან ერთად, ყურძნის მტევნის გამოსახულებაც ამშვენებს, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდები. მათ შორის:

აჭარასა და გურიაში ეს ნიშანი ისეთ მარნებამდე მიგიყვანს, სადაც მწიფე ნაკვერცხლისფერ ჩხავერს აყენებენ. ეს უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო მთიანი აჭარისა და გურიის ტერიტორიებზე მოჰყავთ;

ღვინის გზებითაა დაქსელილი სამეგრელო, თავისი განთქმული ოჯალეშითა და არამხოლოდ;

იმერეთი - მჩქეფარე ციცქა-ცოლიკოურითა და კრახუნათი შეგხვდება;

რაჭა-ლეჩხუმი - ლეგენდარული უსახელოურითა და ხვანჭკარით;

შიდა ქართლი - ელეგანტური ჩინებულითა და გორული მწვანით;

ქვემო ქართლი - ოქროსფერი რქაწითელით და ასურეთული შალათი.

სამცხე-ჯავახეთი - მესხური მწვანითა და მესხური წითლით;

აჭარა - სუბტროპიკული ზონის ჩხავერით;

აფხაზეთი - უნიკალური ავასირხვით;

და, რაღა თქმა უნდა, კახეთი – არომატული კახური მწვანით და ქისით, სხეულიანი რქაწითელით და საფერავით.

საქართველოში ერთადერთი ზონა, სადაც ღვინის გზა არ გადის, ალპური ზონაა. ეს ქვეყანა ხომ შავი ზღვის სანაპიროზე იწყება და კავკასიონის მყინვარებზე მთავრდება. 

ღვინო და გასტრონომია

როგორც ზემოთ დავთვალეთ, ქართული ღვინო ასაკით არა მხოლოდ მის მოყვარულ ნოეზე, არამედ თვით ადამსა და ევაზეც უფროსია. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორ შეძლებდა მაშინდელი მეღვინე არსებობას, თუ თავის დაყენებულ ღვინოს საკვებს არ მიაყოლებდა?

ქართული სამზარეულო და ღვინო ერთად იკვლევს გზას ამ ათასწლეულებში და რამდენადაც მრავალფეროვანია ქართული ღვინო ადგილწარმოშობის მიხედვით (საქართველოში 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის ვაზია ცნობილი), იმდენად მრავალფეროვანია ქართული გასტრონომიაც. საქართველოს ყოველ რეგიონს თავისი უნიკალური პროდუქტი და განუმეორებელი კერძი აქვს. 

თვითმყოფადი ქართული გასტრონომია ამავდროულად სხვა გასტრონომიული კულტურების ანარეკლიცაა, რაც ამ ქვეყნის ისტორიული ქარტეხილებითა და სხვა ერებთან ურთიერთობით არის გამოწვეული. ამიტომ არის ქართული გასტრონომია ასე მდიდარი და მრავალფეროვანი.

იმოგზაურე ამ პატარა, მშვიდ, მრავალფეროვან ქვეყანაში და ყურადღებით იყავი – „ღვინის გზა“ არ გამოგრჩეს!

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა