KA
2024-12-12T19:06:18.000000Z
საქართველოს ბუნება

საქართველოს ბუნება

ჩრდილოეთით - აზიდული დიდი კავკასიონი, დასავლეთით - შემორკალული შავი ზღვა, სამხრეთით - მცირე კავკასიონის მთები, აღმოსავლეთით - გაშლილი ველ-მინდვრები, მდინარეები, ჩანჩქერები, ულამაზესი ხეობები, მწვერვალები, წყაროები, ტბები და წყალსაცავები, ნაკადულები, ტყეები, მღვიმეები და გამოქვაბულები, ყაყაჩოებით, გვირილებით, სოსანებითა და ალპური ყვავილებით სავსე მდელოები - ეს საქართველოა, ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი ქვეყანა დედამიწაზე.
სარჩევი

ღვთისგან ნაბოძები მიწა

არსებობს ასეთი ლეგენდა: ღმერთი ადამიანებს მიწას რომ უნაწილებდა, ყველაზე ბოლოს ქართველები მისულან და თავი უმართლებიათ, - შენს სადიდებელს ვამბობდით, ლხინსა და პურობას შევყევით, ამიტომ დაგვაგვიანდაო. ღმერთს სათავისოდ გადანახული ზღაპრული მიწა მათთვის დაუთმია. ვინც საქართველოს გაიცნობს, დარწმუნდება, რომ ეს ლეგენდა ძალიან უსაფუძვლოც არ არის. 

საქართველო მართლაც ჯადოსნური ადგილია - მთაში შეგიძლია ისრიალო, მერე თხილამურები მოიხსნა და 40 წუთში ზღვის ტალღებში იბანაო. დაგეგმო მარშრუტი და მთაში თოვლზეც იარო, თავსხმაშიც მოყვე და, მერე მზისგან შეწუხებულმა ტანისამოსი გაიძრო და გაირუჯო. 

ტბები, მდინარეები, სხვა

ამ პატარა ქვეყანაში 26,060 დიდი და პატარა მდინარეა, 860 ტბა, 55 ჩანჩქერი, 44 წყალსაცავი.  საქართველო მდიდარია მიწისქვეშა სამყაროთი  - მღვიმეებითა და გამოქვაბულებით, რაც სპელეოლოგების ინტერესს იწვევს.

დღეისათვის საქართველოში აღმოჩენილია 28 მღვიმე-გამოქვაბული. უნიკალური სანახაობაა წყალტუბოსთან მდებარე პრომეთეს მღვიმე, სადაც ნამდვილი პრეისტორიული ხანის ნაწილი ხდები. სათაფლიის გამოქვაბული კი მსოფლიოში ერთადერთია, სადაც ერთსა და იმავე ადგილზე აღბეჭდილია როგორც ბალახისმჭამელი, ისე მტაცებელი დინოზავრების ნაკვალევი, რომელიც 120 მილიონ წელს ითვლის.  

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, ახალ ათონში, არის ბუნების უნიკალური ძეგლი - ახალი ათონის მღვიმე, რომელიც უგრძესია მსოფლიოს მღვიმურ სისტემათა შორის. ის წარმოქმნილია მეზოზოური ასაკის კირქვაში და რამდენიმე დარბაზისგან შედგება.  

ტყეები, ჭაობები და სხვა

საქართველოს ტერიტორიაზე მაღალი ესთეტიკის მქონე ბევრი კომპაქტური ძეგლია, რომლებსაც ბუნება საუკუნეების განმავლობაში აქანდაკებდა. საქართველოს ეკოსისტემის ნაწილია საერთაშორისო მნიშვნელობის ისპანის უნიკალური ჭაობი ქობულეთთან, რომელიც  ჩვენს ერამდე IV-III საუკუნეებით თარიღდება, ის ერთადერთი მფილტრავი, ყველაზე ხელუხლებელი ჭაობია მსოფლიოში და დღემდე მრავალი მეცნიერისა და ვიზიტორის ყურადღებას იქცევს. 

საქართველოს ბუნება განთქმულია გეოგრაფიული და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. მთების გარდა, შეგიძლია ნახო ყველა ტიპის ტყე, ასევე ფლორისა და ფაუნის ათასობით ადგილობრივი სახეობა.

საქართველოს ბუნება მდიდარი და მრავალფეროვანია ცხოველებით. აქ გავრცელებულია კავკასიური ირემი, შველი, გარეული ღორი, კურდღელი, ციყვი; მტაცებლები: მურა დათვი, მგელი, მაჩვი, ფოცხვერი, გარეული კატა და მელია. მაღალმთიანი ფაუნა დაცულია დიდი კავკასიონის მთებში. საქართველოში გავრცელებული მრავალი სახეობის ცხოველი იშვიათია გლობალური მასშტაბით და შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.

წყლები და კლიმატი

საქართველოში 2 ათასზე მეტი მინერალური და თერმული წყაროა, ისევე როგორც თერაპიული ტალახის საბადოები. ბევრი მათგანი პოპულარულ ბალნეოლოგიურ კურორტებთან ახლოსაა.

მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, საქართველოში გავრცელებულია დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ტიპი, დაწყებული დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა თბილი ნოტიო სუბტროპიკულით, გაგრძელებული აღმოსავლეთ საქართველოს ველების მშრალი კონტინენტურით და დამთავრებული კავკასიონის მარადიული თოვლისა და მყინვარის ზონის  ჰავით. 

საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისითაც. აქაური ფლორის შემადგენლობაში მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელ კავკასიაში 6 350-ამდე სახეობაა აღწერილი). დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (600 - კავკასიის, 300 - საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. ცალკე აღნიშვნის ღირსია გოდერძის ნამარხი ტყე - აჭარაში მდებარე ბუნების უნიკალური ძეგლი.  

საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვა მრავალი შესანიშნავი ჯიში. ამრიგად, საქართველოს უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის „ცოცხალი ძეგლია“, რომლის შესწავლას, დაცვასა და აღდგენას საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა