KA

საბაჟო

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 20 სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოქმედებს და მათ გასავლელად აუცილებელია იქონიო პასპორტი ან ID ბარათი. 

აჭარაში სამი საბაჟო პუნქტია: „სარფის“ საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტი, „ბათუმის პორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“. სამივე მათგანი მგზავრთა ნაკადის მიღება/გაშვებას ემსახურება. საბაჟოებია, აგრეთვე, ფოთის პორტში; სენაკსა და ქუთაისში საბაჟო პუნქტები მოქმედებს აეროპორტებში. 

საქართველოს საზღვარს ყველაზე ხშირად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვეთენ. ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის, აგრეთვე, ლარსის გამშვები პუნქტიდან. ახალქალაქის მხრიდან საქართველოში შემოსვლა კარწახისა და კარწახი-ახალქალაქის საბაჟოებიდან არის შესაძლებელი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან სოფელ სამების ტერიტორიაზე ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტია განთავსებული. ადიგენში კი ვალეს საბაჟოა. კახეთში დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ორი პუნქტი - „სამთაწყარო“ და „ლაგოდეხია“. დმანისში - „გუგუთის“, მარნეულში კი „ახკერპის“ საბაჟოებია. მარნეულში „სადახლოს საავტომობილო“ და სარკინიგზო საბაჟოები ფუნქციონირებს, აქვეა ე.წ. „წითელი ხიდის“ საბაჟოც; გარდაბანში „მტკვრისა“ და „გარდაბნის“ საბაჟოებია. 

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ყველა ჩამოთვლილი საბაჟოდანაა შესაძლებელი. ტურისტი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას გეგმავს და ცხოველით, ან გარკვეული რაოდენობის ნაღდი ფულით აპირებს საზღვრის კვეთას, თან აქვს მედიკამენტი, რომელსაც აუცილებლად საჭიროებს, განსაკუთრებული ნივთის შემოტანას აპირებს, ან ტვირთის გადაზიდვა ესაჭიროება, უმჯობესია, გაეცნოს საქართველოს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ პორტალს https://www.rs.ge/, სადაც დეტალურად არის განმარტებული ყველა საკითხი და პროცედურა, რაც საბაჟოს გავლის პროცედურას გაუმარტივებს. 

რაც შეეხება Tax Free-ს და Duty Free-ს, საქართველოში ორივე ამ მომსახურებით სარგებლობას შეძლებ. Tax Free-ის შემთხვევაში, საბაჟოს ოფიცერს მიმართავ და შესაბამის დოკუმენტს წარუდგენ. Duty Free-სთვის შესაბამისი ზონებია მოწყობილი თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, აგრეთვე, „წითელ ხიდზე”, სადახლოს საავტომობილო, ვალეს, სარფის, კარწახის, ყაზბეგის საბაჟოებზე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა