კავკასიონის ქედის მაღალმთიან ზონაში განლაგებული კურორტები ზამთრის სპორტის მოყვარულებს სთავაზობენ არა უბრალოდ მაღალი ხარისხის სასრიალო ტრასებს, არამედ უნიკალურ კულტურულ გამოცდილებასაც, რაც შედარებით იშვიათი მოვლენაა. ზამთრის სეზონი სვანეთში, როგორც წესი, ნოემბრის ბოლოს იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება, რაც საკმარის დროს აძლევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს შეარჩიონ ოპტიმალური პერიოდი იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ რეგიონის შესაძლებლობები.
ჰაწვალი მესტიის პირველი სათხილამურო კურორტია, რომელიც იმით გამოირჩევა, რომ ვიზიტორებს აქტიური დასვენების შესაძლებლობას არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წლის მანძილზე სთავაზობს.
კურორტის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრზეა, ხოლო ყველაზე დაბალი წერტილი კი 1868 მეტრზე მდებარეობს. სიმაღლეთა ამგვარი სხვაობა იდეალურ პირობებს ქმნის სხვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასებისთვის. კურორტის განსაკუთრებული უპირატესობა მისი მდებარეობაა - საბაგიროს საშუალებით ის პირდაპირ უკავშირდება დაბა მესტიის ცენტრს, რაც მოთხილამურეებს საშუალებას აძლევს მარტივად მიაღწიონ სასრიალო ზონებს.
ზამთრის სეზონზე ჰაწვალს ახასიათებს სტაბილური თოვლის საფარით, რაც ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობებით დაკავებისთვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ვიზიტორებისთვის. კურორტის განვითარების გეგმის თანახმად, უახლოეს მომავალში იგეგმება დამატებითი ტრასების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის პოტენციალს.
ჰაწვალზე ხუთი სათხილამურო ტრასაა, რომელთა საერთო სიგრძე 5.5 კილომეტრამდეა ყველაზე დაბალი სირთულის ტრასის სიგრძე 500 მეტრია და იდეალურია დამწყებთათვის. ტრასის მიმდებარედ მოწყობილია სპეციალური სასწავლო ზონა ინსტრუქტორებთან ერთად ვარჯიშისთვის. საშუალო სირთულის ტრასა 600 მეტრია და საუკეთესოა იმ მოთხილამურეებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება და სურთ თავიანთი უნარების გაუმჯობესება, მაგრამ არ უნდათ ზედმეტად გარისკონ. გამოცდილი მოთხილამურეებისთვის განკუთვნილი რთული ტრასის სიგრძე 4.4 კილომეტრია - ეს ტრასა განსაკუთრებით პოპულარულია უცხოელ ვიზიტორებში შ ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოწვევების გამო. მაღალი ხარისხის სასრიალო ზედაპირის შესანარჩუნებლად ყველა ტრასა რეგულარულად მუშავდება სპეციალური ტექნიკით მთელი სეზონის განმავლობაში.
საკურორტო ინფრასტრუქტურა ასევე აერთიანებს ოთხ თანამედროვე საბაგიროს: ჰაწვალი, ბიგელი, სლალომი და ზურულდი. საბაგიროების სისტემა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის ელექტრონული გამშვები სისტემით და თანამედროვე მაღალი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემით.
თეთნულდის სათხილამურო კურორტი მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, გამოირჩევა თავისი მასშტაბითა და შესაძლებლობებით. კურორტის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 3160 მეტრზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე დაბალი - 2260 მეტრზე. თეთნულდი გამოირჩევა იმით, რომ აქ შესაძლებელია სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის თოვლზე სრიალი - ადრეულ სეზონზე ფხვიერი ფაფუკი თოვლი იცის, შუა სეზონზე საფარი უფრო მკვრივია, ხოლო გაზაფხულზე საფარი იცვლება ე.წ. "გაზაფხულის თოვლით", რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია გამოცდილ მოთხილამურეებში.
თეთნულდი ცნობილია თავისი გაუკვალავი თოვლის ტრასებით. კურორტი მსოფლიო ფრირაიდის რუკაზეა დატანილი და 2022 წლიდან მასპინძლობს Freeride World Tour-ის საკვალიფიკაციო ეტაპებს.
ინფრასტრუქტურა მოიცავს ხუთ თანამედროვე საბაგირო გზასა და ცხრა სასრიალო ტრასას, რომელთა ჯამური სიგრძე 13 კილომეტრია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თეთნულდის მთავარი ტრასა, რომელიც 9.5 კილომეტრის სიგრძისაა (ესაა ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა მთელს ამიერკავკასიაში) და აქვს 1.7 კილომეტრის სიგრძის ვერტიკალური ვარდნა. ეს მახასიათებლები თეთნულდს მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეულ სათხილამურო კურორტად აქცევს.
ორივე კურორტზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების საკითხებს. კურორტებზე მუდმივად მუშაობს სამაშველო სამსახური, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და მზადაა ნებისმიერ სიტუაციაში დახმარების აღმოსაჩენად. ორივე კურორტზე რეგულარულად ტარდება თოვლის საფარის მონიტორინგი და ზვავსაშიშროების შეფასება, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები ტრასების გახსნა-დახურვის შესახებ.
მათთვის, ვინც სპეციალურად გაუკვალავ თოვლში სრიალისთვის სტუმრობს სვანეთის კურორტებს, აუცილებელია სპეციალური აღჭურვილობა და პროფესიონალი გიდის თანხლება.
კურორტებზე მოქმედებს ერთიანი სააბონენტო სისტემა. მულტიქარდი საშუალებას აძლევს მოთხილამურეებს ერთი ბილეთით ისარგებლონ საქართველოს ყველა სათხილამურო კურორტების საბაგიროებით (მესტიის გარდა სიაშია გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი). აბონემენტების სისტემა მოქნილია და ითვალისწინებს როგორც მოკლევადიან (დღიური, 2-3 დღიანი), ისე გრძელვადიან (სეზონური) ვარიანტებს.
სვანეთის კურორტებზე კვების ობიექტების ინფრასტრუქტურა ბაკურიანთან და გუდაურთან შედარებით მწირია, თუმცა არსებული ვარიანტები სრულად მორგებულია მოთხილამურეთა საჭიროებებს და დღის განრიგს. ჰაწვალზე ფუნქციონირებს რამდენიმე დაწესებულება სტრატეგიულ ლოკაციებზე - მათ შორის ერთ-ერთი შუა საბაგიროსთან, რაც საშუალებას აძლევს მოთხილამურეებს სრიალის შუალედში ისარგებლონ მომსახურებით, მეორე კი საბაგიროს ზედა სადგურთან.
თეთნულდზე კვების ობიექტების რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე ჰაწვალზე, თუმცა აქაც მოწყობილია რამდენიმე დაწესებულება, რომლებიც აკმაყოფილებენ ვიზიტორთა მოთხოვნებს.
განთავსების მხრივ, უშუალოდ კურორტებზე სასტუმრო ინფრასტრუქტურა შეზღუდულია, თუმცა ეს კომპენსირდება მესტიასა და მიმდებარე სოფლებში არსებული მრავალფეროვანი არჩევანით. მესტიაში ფუნქციონირებს როგორც თანამედროვე სასტუმროები, ისე ტრადიციული საოჯახო სასტუმროები, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე პოპულარული არჩევანია. საოჯახო სასტუმროები აძლევს ვიზიტორებს საშუალებას გაეცნონ ადგილობრივ ყოფას და ამასთან დიდწილად წყვეტენ კვების პრობლემასაც - საოჯახო სასტუმროების უმეტესობა დამსვენებლებს სთავაზობს საუზმეს და ვახშამს, ხოლო კერძების არჩევანი დიდწილად კონცენტრირებულია ადგილობრივ, სვანურ სამზარეულოზე.
თბილისიდან მესტიამდე მგზავრობას დაახლოებით 8-9 საათი სჭირდება. ბათუმიდან მგზავრობის დრო დაახლოებით 6 საათია, ხოლო ქუთაისის ცენტრიდან საშუალოდ 5 საათამდე დაგჭირდებათ. თუმცა ყველა შემთხვევაში გასათვალისწინებელია ამინდის პროგნოზი და გზების მდგომარეობა - ზამთრის სეზონზე დიდთოვლობის გამო ზუგდიდიდან მესტიამდე მისასვლელ მთის გზაზე მეტი დრო დაგჭირდებათ ვიდრე ზაფხულის სეზონზე.
მესტიამდე მისასვლელად მთელი წლის განმავლობაში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის მანქანით მგზავრობა, თუმცა ზამთრის სეზონზე ეს რეკომენდაცია უკვე საბაზისო საჭიროება ხდება. მართალია გზების თოვლისგან გაწმენდას მთელ სეზონზე დიდი ყურადღება ექცევა, მაგრამ მთიანი მონაკვეთის გავლა მსუბუქი მანქანით მაინც ბევრად საშიშია.
მესტიაში ფუნქციონირებს აეროპორტი. რეგულარულად ხორციელდება ავიარეისები თბილისი-მესტიისა და ქუთაისი-მესტიის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრობის დროს - ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათია. ეს კარგი ალტერნატივაა მათთვის ვისაც საკუთარი ავტომობილი არ გააჩნია, თუმცა ფრენების განრიგი მნიშვნელოვნადაა ამინდზე დამოკიდებული - ცუდი ხილვადობის გამო რეისი შეიძლება ბოლო წუთს გადაიდოს ან გაუქმდეს კიდეც.
თუ მესტიაში დაბინავდით, ჰაწვალამდე მარტივად ახვალთ საბაგიროთი, თეთნულდამდე მისასვლელად კი აუცილებლად დაგჭირდებათ მაღალი გამავლობის ავტომობილი.
ზამთრის სეზონზე მესტიის ცენტრიდან რეგულარულად მოძრაობს სპეციალური ტრანსპორტი - მაღალი გამავლობის მიკროავტობუსები და ჯიპები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოთხილამურეთა უსაფრთხო ტრანსპორტირებას. სეზონის პიკზე სერვისი ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე ოპერირებს - თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სერვისი კერძოა და მძღოლები არასტანდარტული გრაფიკით მოძრაობენ.