KA

სკიტური უშგულში: გორვაში

ამ მარშრუტზე წასასვლელად გაუკვალავ თოვლში სრიალის კარგი გამოცდილებაა საჭირო. თუმცა ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით, რომელიც ადგილობრივ გარემოს ახასიათებს, გორვაშის სკიტური როგორც გამოცდილმა, ისე დამწყებმა მოთხილამურეებმა სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად უნდა დაგეგმონ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
სოფელი
უშგული

ადგილმდებარეობა 

სვანეთის ერთ-ერთი უძველესი დასახლება უშგული მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის სათავეებთან, მწვერვალ შხარის ძირში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. 

უშგულის თემში უამრავი სვანური კოშკი გვხვდება. სოფელი ჩაჟაში, ამის გამო, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.  

უშგული მესტიიდან 42 კილომეტრშია. ზამთარი საკმაოდ მკაცრი და ხანგრძლივია. 

გორვაშის მარშრუტი 

გორვაშის უღელტეხილი ზღვის დონიდან 3050 მეტრ სიმაღლეზე, სოფელ მურყმელის სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს. მარშრუტი სოფელ მურყმელიდან, ზღვის დონიდან 2060 მ სიმაღლიდან იწყება. 

ასავლელი ვერტიკალია 990 მეტრი. ჯერ ტყეს მივუყვებით, მერე ალპურ ზონაში გადავდივართ, რის შემდეგაც გორვაშის წვერზე აღმოვჩნდებით. 

დაშვების ზუსტ ტრაექტორიას გამყოლი თოვლის კონდიციის შეფასების შემდეგ განსაზღვრავს. დაშვება სრულდება სოფელ მურყმელში. 

რა უნდა გაითვალისწინო 

გამოცდილი გამყოლის დაქირავების გარდა, მნიშვნელოვანია, სრულყოფილი აღჭურვილობა გქონდეს: სპეციალური თხილამურები, საზვავო ჩანთა, გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.

თუ სკიტურისთვის საჭირო ფიზიკური მომზადების დონე არ გაქვს, დახმარებას ამაშიც ადგილობრივი სერტიფიცირებული სპეციალისტები გაგიწევენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა