საუკეთესო დრო ამ გასეირნებისთვის ზაფხული, სექტემბერი ან ოქტომბერია. ფეხზე მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვა, ასევე თბილი ტანსაცმელი და საწვიმარიც უნდა წაიღო.
მარშრუტს ეცერის თემის სოფელ ისკარში დაიწყებ, გაივლი რამდენიმე სოფელს და ბაკხის უღელტეხილისაკენ გაემართები. უღელტეხილიდან ბილიკით ალპურ მდელოს გაუყვები, გაივლი ტყეს და მეზირის მთავარანგელოზის ეკლესიას მიადგები.
მეზირის ტბა აქედან 15-20 მეტრშია. სარკესავით ზედაპირი მთებსა და ცას ირეკლავს, ირგვლივ კი მომნუსხველი ხედები იშლება - უშბაზე, ლაილასა და თეთნულდზე.
როცა ამ სილამაზის თვალიერება მოგწყინდება, ტბიდან ბილიკით ტყისკენ დაეშვები, გაივლი სოფელ ტვიბერს და სოფელ მაზერში შეხვალ.
ტბასთან იკრძალება წყალში შესვლა, მისი ნებისმიერი სახით დაბინძურება. ტბაში ქვის გადაგდებაც კი, ამბობენ, რომ ღვთის რისხვას გამოიწვევს და საშინლად გაავდრდება. მეზირის მთა, რომლის სიახლოვესაც ტბა მდებარეობს, სახელს იღებს სიტყვა „ლიმზირისაგან“, რაც ლოცვას ნიშნავს, „მემზირ“ კი - მლოცველს. ამ წმინდა მთას ძველი სვანური საგალობლები - „ლილე“ და „ბარბალდოლაშიც“ უკავშირდება.