ლაშქრობა სოფელ მეორე ბალდიდან იწყება.
სტარტს მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებ და ტობის ჩანჩქერისკენ გაემართები.
სოფლიდან ტობის ჩანჩქერამდე ფეხით 2 საათის სავალია, მანძილი - 5 კილომეტრი. გზა საკმაოდ რთულია, უმჯობესია, თუ ამ ტურში გამოცდილ გიდს ან ადგილობრივ მცხოვრებს გაიყოლებ.
მდინარე ტობის აუზში 12 მღვიმეა, ტობის II მღვიმე კი მათ შორის ყველაზე დიდია - ის ქართველი გეოლოგის არსენ ოქროჯანაშვილის სახელობისაა, რომელიც 1965 წელს ამ მღვიმის შესწავლისას ტრაგიკულად დაიღუპა.
მღვიმიდან გამომავალი მდინარე საქართველოში ყველაზე მაღალ - 234 მ სიმაღლის ტობის კასკადურ ჩანჩქერს აჩენს. აქ საცალფეხო, ციცაბო ბილიკით ჩანჩქერის შუა ნაწილშიც კი მოხვდები.
მარშრუტი გრძელდება ტობის I მღვიმისკენ, საიდანაც ულამაზესი ონიორეს ჩანჩქერი გამოედინება.
მღვიმე საკმაოდ რთული მისადგომია, ტობის ჩანჩქერიდან ონიორეს ჩანჩქერამდე კი დაახლოებით ერთი საათის გზაა.
ონიორეს ჩანჩქერი 84 მეტრი სიმაღლისაა და მას მღვიმიდან გამომდინარე წყალი ქმნის. ეს ადგილიც კოლხური ბზითაა გარშემორტყმული და ამ მარშრუტზე მუდამ თან გდევს მისტიკური შეგრძნებები.
აღნიშნული მარშრუტის მთელ სიგრძეზე მარკირებულია საფეხმავლო ბილიკი.
მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომაა.
ღამის გასათევად შეგიძლია მარტვილში, სასტუმროში დარჩე. აქედან მარტვილამდე კი დაახლოებით 16 კმ-ია.