KA

გობრონეთი - მთიანი აჭარის ტურისტული დანიშნულების ადგილი

მთიანი აჭარის ამ უძველეს სოფელში მუდმივად მხოლოდ თხუთმეტამდე ოჯახი ცხოვრობს. თუმცა ბათუმიდან 55 კმ-ში მდებარე ულამაზეს ადგილს ტურისტები არ აკლია. 
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
7:00 სთ
ბათუმი
1:05 სთ
ქუთაისი
3:45 სთ

გზა და სანახაობები ქედიდან გობრონეთის ჩანჩქერამდე

გობრონეთი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს. აქ სტუმრობა წელიწადის ნებისმიერ დროს საინტერესოა, ექსტრემალებისთვის კი - განსაკუთრებით ზამთარში, რადგან მთიანი აჭარა უხვთოვლიანი რეგიონია. 

ბათუმიდან გობრონეთამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, თუმცა უმჯობესი იქნება, თუკი ექსკურსიით, ტაქსით ან საკუთარი მანქანით წახვალ. გზად ბევრი რამაა სანახავი და შეჩერება მოგიწევს. გვერდს ვერც მახუნცეთის ჩანჩქერს აუვლი, ვერც თამარის ხიდს და ვერც ზვარეს ეკლესიას. ტურის დაგეგმვაში, ქედის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრშიც დაგეხმარებიან. ქედიდან გობრონეთამდე 10 კილომეტრიანი საავტომობილო გზა მიდის და მის დასაფარად 1 სთ და 15 წუთია საჭირო.

სასტუმროები, სამზარეულო, მეურნეობა 

აჭარაში ერთ-ერთი პირველი საოჯახო სასტუმრო გობრონეთში გაიხსნა. დღეს აქ ბევრი საოჯახო სასტუმროა, სადაც ტრადიციულ აჭარულ კერძებს შემოგთავაზებენ და არც მათ მომზადებაში მონაწილეობაზე გეტყვიან უარს. თუ სურვილი გექნება, ყველსაც ამოიყვან, არაყსაც გამოხდი და თამბაქოსაც დაჭრი. 

გობრონეთში ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაა განვითარებული. აქ მისდევენ: მესაქონლეობას, მეფრინველეობას, მებოსტნეობას, მებაღეობას, მეფუტკრეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერზე არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ ჯანსაღი პროდუქტების შეძენაც შეგიძლია. თუკი მეურნეობა გაინტერესებს, აქაური ოსტატები გოდრის დაწვნის, რკინის დამუშავებისა და ქსოვის ტრადიციულ მეთოდებსაც გასწავლიან.  

გართობა და თავგადასავლები

ლაშქრობა, კემპინგი, ნადირობა, თევზაობა - ყველაფერ ამას გობრონეთში შეძლებ. ზოგადად, აქ 24 საათით არ უნდა ჩახვიდე. ერთი დღე მარტო სოფლის შემოგარენის დათვალიერებას დასჭირდება. წრიული საფეხმავლო ბილიკები ჩანჩქერებთანაც მიგიყვანს, კოლხურ ტყემდეც და ლატევრის მთის მიდამოებამდეც. 

ირგვლივ ბევრია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი, თუმცა მთები ციცაბოა, ამიტომ აუცილებლად გაიყოლე გიდი და ლაშქრობასაც მომზადებული შეუდექი - ჩაიცვი სპორტული სამოსი და ფეხსაცმელი, თან იქონიე სალაშქრო ჯოხი, წაიღე წყალი და პირველადი დახმარების ნაკრები. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა