KA

გოგოლათი - სოფელი მუზეუმი რაჭაში

ულამაზეს ეზოებში მდგარი, ხის იშვიათი ჯიშებით ნაშენები, საუკუნეს გადაცილებული კოლხური ოდები, განუმეორებელი ორნამენტებით მოჩუქურთმებული ღია აივნები, ჯვრების, ფრინველებისა და ცხოველების გამოსახულებები ფასადებზე - ამ პატარა სოფლის ქუჩებში ისე უნდა იარო, როგორც მუზეუმში. სწორედ ამიტომ უწოდებენ გოგოლათს „სოფელ მუზეუმს“.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:30 სთ
ბათუმი
4:20 სთ
ქუთაისი
1:45 სთ

სად არის გოგოლათი?

სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე შარეულის ნაპირებზე მდებარეობს და ამბროლაურიდან 28 კმ-შია. მისი ისტორია 200-250 წელს ითვლის.  გოგოლათში გამორჩეული ხის ხელოსნები ცხოვრობდნენ და სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა სოფლის განსხვავებული არქიტექტურა.  უნიკალური ოდასახლების დამსახურებით 2019 წელს გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა, ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. 

რაჭის მთებს შორის მოქცეული სოფელი ბუნების სხვა საოცრებებითაც არის ცნობილი.   შარეულის ხეობა, კარსტული მღვიმეები, კანიონები, ჩანჩქერები და სხვა. აქაურობა განსაკუთრებულად ლამაზია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე. 

კიდევ რას ნახავ გოგოლათში?

ბუნების საოცრება ქვიხითი, იგივე ქვახიდი - ბუნებრივი ქვის ხიდი, კლდეებს შორის გაჭედილი უზარმაზარი ლოდი, რომელიც სოფლის მიდამოებში მდინარე შარეულის მიერ გაჭრილი კანიონის თავზე მდებარეობს.   

„ოთხთითა“ - შარეულის ხეობაში, კლდეში გაკეთებული რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობის პატარა ოთახი, სადაც, გადმოცემის თანახმად, მტრის შემოსევისას ხალხის გასაფრთხილებლად ჩირაღდნებს ანთებდნენ. მსგავსი ოთახი შარეულის ხეობაში რამდენიმე ყოფილა, ისინი ერთმანეთის პირდაპირ იყო განლაგებული, რაც მოსახლეობის სწრაფ გაფრთხილებას უზრუნველყოფდა.     

გოგოლათიდან აღმოსავლეთით, 1,5კმ-ის სავალზე, შარეულის ხეობის მარჯვენა ნაპირზე ფოთლოვანი ტყით შენიღბული დამრეცი ფერდობის თავში გოგოლათის მღვიმეს ნახავ. ეს ქიმიური ნალექებით, კედლებსა და ჭერზე სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით მდიდარი ადგილია.

ამ საოცრებების დათვალიერების შემდეგ შეგიძლია კარგად წაიხემსო - რაჭველებს აივანზე დროის გატარება განსაკუთრებით უყვართ, ამიტომ, თუ ამ ზღაპრულ სოფელში მოხვდები, დიდი შანსი გაქვს, რომელიმე საუკუნოვანი სახლის ჩუქურთმებიანი აივნიდან ბინდშერეული სოფლის ხედებს დააკვირდე და უგემრიელესი რაჭული კერძებით, მათ შორის, ლორით, ლობიანით და მსოფლიოში ცნობილი „ხვანჭკარით“ ან სხვა ადგილობრივი ღვინით ისიამოვნო. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა