ზეკარის უღელტეხილი იმერეთის სამხრეთით, მდინარე ხანისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 2182 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და საქართველოს ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს აკავშირებს.
ზეკარის უღელტეხილი კავკასიონის მესხეთის მცირე ქედის ნაწილია. ის იმერეთის სამხრეთით, ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან იწყება და 24 კილომეტრის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის ადიგენის მუნიციპალიტეტში სრულდება.
ეს გზა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საქარავნო მიმოსვლისთვის. ტერიტორია უმეტესად მთაგორიანია და მუხის, კაკლის, წაბლის, ნაძვის, კოპიტისა და სხვა ძვირფასმერქნიანი ჯიშის ტყეებით არის დაფარული.
მცირე კავკასიონის მთები, ტყეები, მდელოები, გორაკები, მთებზე შეფენილი ცხვრის ფარები, მწყემსების პატარა ქოხები - აქ ქრება ყოველდღიურობა, მხოლოდ სიმშვიდე და მარადიულობა ისადგურებს.
უღელტეხილთან ახლოს სათავეს იღებს მდინარე ქერშავეთი, რომლის ხეობაშიც ბალნეოლოგიური კურორტი ზეკარი მდებარეობს. ნიადაგიდან ამოხეთქილი გოგირდოვანი წყლები ძირითადად რევმატული და ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
თუმცა არ გეგონოს, რომ მხოლოდ ზეკარის სამკურნალო წყლები გამოირჩევა განსაკუთრებული ძალით - აქაური მთის ჰავა და ულამაზესი გარემო შენს განწყობასაც უკეთესობისკენ შეცვლის.