კოჯორი ზღვის დონიდან დაახლოებით 1400 მეტრზე მდებარეობს და მთის საშუალო კლიმატით ხასიათდება. აქაური წიწვოვანი ტყის ჰაერს სამკურნალო თვისებები აქვს - განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის დაავადებებისთვის, რაც კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა.
აგვისტოს საშუალო ტემპერატურა აქ 170C-ია, ამიტომაც, გარდა სააგარაკე სტატუსისა, ზაფხულში კოჯრის ამინდები ძალიან კომფორტულია ლაშქრობისთვისაც.
კოჯრის პლატოდან ულამაზესი ხედები იშლება ლისისა და კუს ტბებზე, კურორტ ბეთანიაზე, საგურამოს მთებსა და კავკასიონზე. სალაშქროდ საინტერესოა კოჯრის ციხის, კაბენის მონასტრისა და კაბენის ჩანჩქერების 11-კილომეტრიანი საფეხმავლო მარშრუტი.
მაგიური ბუნების გარდა, კოჯორი საინტერესოა უძველესი არქიტექტურული ძეგლებით, რომლებიც თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ცხოვრებაში.
XI საუკუნის კოჯრის, იმავე ქოროღლის, ციხესიმაგრეს სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა, ამიტომაც მისი ისტორია უმეტესად ომების ისტორია იყო.
XV საუკუნით თარიღდება ორმოც მოწამეთა სახელობის ეკლესია, ხოლო კოჯრიდან ორ კილომეტრში ამავე პერიოდის უძოს მონასტერი მდებარეობს - მწვანე ბუნებით გარშემორტყმული დარბაზული ეკლესია;
XIII საუკუნეშია აგებული კაბენის მონასტერი. კოჯრის სამხრეთით კი კიდევ ერთი საინტერესო ძეგლია - გუდელისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
და ეს ყველაფერი არ არის - უძოსა და აზეულას მთები, კოჯრის ტყე, ჩანჩქერები და ლეგენდები შენს იმუნიტეტს აამაღლებს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებს.
ასე რომ, ჩაიცვი მოხერხებული ფეხსაცმელი და კოჯრის გზას აუყევი.