სოფელი ნაბეღლავი გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 475 მეტრზე მდებარეობს.
გეზი ჩოხატაურის ცენტრიდან ბახმაროს მიმართულებით უნდა აიღო. ნაბეღლავი შუა გზაზეა, ჩოხატაურიდან 23 კილომეტრში. გზადაგზა კი, მთის სწრაფ და ანკარა მდინარე გუბაზეულის ხეობაში, საპიკნიკე ადგილებსაც იპოვი და მდინარეში შარვლებაკაპიწებულ სოფლის ბიჭებსაც შეხვდები, რომლებიც კიბორჩხალებისა და თევზის ხელით ჭერაში მასტერკლასებს გაჩვენებენ.
სოფელ ნაბეღლავში რომ ახვალ, ერთი რამ გახსოვდეს - აქაური მინერალური წყლის დალევა შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლია. ნაბეღლავის წყალი, რომელმაც სახელი ადგილწარმოშობის მიხედვით მიიღო, სასმელად მსუბუქი და სასიამოვნოა, მისი სარგებელი კი საუკუნეზე მეტია, ცნობილია.
პირველი წყარო აქ 1905 წელს აღმოაჩინეს, შეისწავლეს, მეცნიერულად დაადგინეს მინერალური წყლის ქიმიური მახასიათებლები და განსაზღვრეს მისი სამკურნალო თუ პროფილაქტიკური თვისებები.
მას შემდეგ კურორტს გასტროენტეროლოგიური პროფილი აქვს. თუმცა ნაბეღლავის მინერალური წყალი ეფექტიანია არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, არამედ სახსრების, კანის, ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდაც. ორგანიზმს წმენდს მავნე ნივთიერებებისგან და ამდიდრებს აუცილებელი მინერალებით. გამოიყენება როგორც დასალევად, ისე აბაზანის მისაღებად.
1958 წლიდან ამ წყლის ქარხნული ჩამოსხმაც დაიწყო. ქართული მინერალური სუფრის წყალი „ნაბეღლავი“ ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება და 20-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე გადის.