KA

სანისლია

გურია უძველესი ისტორიითა და ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული ბუნებით გამოირჩევა. აქ მრავლადაა გრილი ტყეები, მინერალური წყლები, ალპური მდელოები და გასაოცარი კულტურული ძეგლები, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოხიბლავს. სწორედ გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედზე აღმოაჩენ სანისლიას - ადგილს, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სასწაულების მოხდენაც კი შეუძლია.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:50 სთ
ბათუმი
2:00 სთ
ქუთაისი
1:30 სთ

სანისლიის წყლის განსაკუთრებული თვისებები

სანისლია სამკურნალო თვისებების მქონე თერმული მინერალური წყლით არის ცნობილი. სოფლის მკვიდრნი ამბობენ, რომ ის კანის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და ძვალსახსროვანი სისტემის ანთებით დაავადებებს კურნავს, თუმცა წყლის სამკურნალო თვისებები კლინიკურად ჯერ არ შეუსწავლიათ. 

როგორ უნდა მოხვდე სანისლიაზე

სანისლიაზე მოსახვედრად  ჩოხატაურიდან ბახმაროს მიმართულებით უნდა წახვიდე და გუბაზეულის ხეობა გაიარო. ნაბეღლავსა და სოფელ ჩხაკოურასთან გზა იყოფა, საიდანაც ხელმარცხნივ  მაღალმთიან სოფელ ზოტში ადიხარ და სანისლიამდე 15 კილომეტრიღა რჩება. ადგილზე რამდენიმე ხის სახლი და  სახელდახელოდ გაკეთებული აბაზანები დაგხვდება, მასპინძლობას კი ზოტელი გლეხები გაგიწევენ. 

სანისლიის გამორჩეული ბუნება

სანისლიის მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 2665 მეტრია. აქ ზამთარი 6-8 თვის განმავლობაში გრძელდება და სამკურნალო აბაზანებისთვის საუკეთესო თვეებად ივლისი და აგვისტო მიიჩნევა.

ჩოხატაური - ზოტი - სანისლიის ულამაზესი სამთო-საფეხმავლო მარშრუტი ლაშქრობის მოყვარულებს განსაკუთრებით ხიბლავთ. აქ შეგიძლია კარვებით ახვიდე, თუმცა სურვილის შემთხვევაში ხის სახლებშიც შეძლებ ღამის გათევას. 

სანისლიის მთიდან გზა ბახმაროსკენ და კიდობანას მთაზე გადადის, სადაც ზაფხულის საძოვრები და ულამაზესი ალპური მინდვრები დაგხვდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა