სიონი საქართველოს კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს. ამ კურორტის უპირატესობა თბილისთან სიახლოვე (თბილისიდან სიონამდე 45 კმ-ია), ულამაზესი ბუნება და ჯანსაღი გარემოა, რომელსაც ტბის, მთისა და ტყის ერთიანობა ქმნის.
სიონის წყალსაცავი, იგივე სიონის ტბა, 1963 წელს მდინარის წყლის რეგულირების მიზნით შეიქმნა. ამ პროცესში ტბაში ჩაძირვას V საუკუნის ბაზილიკა გადაურჩა, რომელიც წყალსაცავის მშენებლობის დროს დაშალეს და თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაიტანეს.
ტბაში წყლის ტემპერატურა თებერვალში 2,7°C-ია, აგვისტოში კი საბანაო ტემპერატურა 21,7°C-მდეა; წყალსატევის ფართობია 12,8 კმ², სიღრმე კი - 67 მეტრი.
აქაურობა ძალიან უყვართ თევზაობის მოყვარულებს. წყალსაცავს წყლით მდინარე იორი ამარაგებს, ამიტომ აქ უამრავი სახეობის თევზი ბინადრობს, მათ შორის: საზანი, კობრი და სქელშუბლა.
სიონში კლიმატი ზომიერად ნოტიოა. ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხულში კი დღისით ზომიერი სიცხეა, საღამოს - სასიამოვნო სიგრილე.
სიონში ბევრი დამსვენებელი ადის. ეს კი, აქაურ ლამაზ ბუნებასთან ერთად, განსხვავებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების ატმოსფეროს ქმნის.