KA

სუჯუნა

სამეგრელოს ამ ლამაზ, ზურმუხტისფერ სოფელში გვერდიგვერდ დაგხვდება ეკლესია, სინაგოგა და მდიდრული ევროპული სასახლე. სწორედ ამ სოფელში დაიბადნენ: პირველი ქართველ მილიონერი აკაკი ხოშტარია; ქართველი მოჯირითე ქალი, აშშ-ის WILD WEST შოუს (XIX-XX სს.) ცნობილი მონაწილე ქრისტინე ცინცაძე და ქართველი პოეტი დუტუ მეგრელი, რომლის ლექსსაც - „მე პატარა ქართველი ვარ“ - ბავშვებს დღემდე ლაპარაკის დაწყებისთანავე ასწავლიან; იმასაც ამბობენ, რომ ამ ადგილის - სოფელ სუჯუნის ისტორია ანტიკურ ხანაში იწყება.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:20 სთ
ბათუმი
2:15 სთ
ქუთაისი
1:05 სთ

სუჯუნის ისტორია

სუჯუნა აბაშიდან ფოთისკენ მიმავალ გზაზე, მდინარე აბაშის ნაპირას, ვრცელ ჭალაზე გაშლილი ლამაზი სოფელია.

ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, სწორედ ამ ადგილებში არსებობდა ძველი ქართული სამეფო კოლხა, რომლის ბრწყინვალება ბერძნულ მითოლოგიაშიც არის ასახული.

კოლხას ლეგენდარულ მეფე აიეტს კი სამი ათასი წლის წინათ აქ, მდინარე აბაშაზე,  ნავსადგური „სუჯუნაც“ დაუარსებია, რომლის ირგვლივაც ქალაქური ცხოვრება დუღდა.

გვიან შუა საუკუნეებში ეს სოფელი ჭყონდიდლების - დასავლეთ საქართველოს ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავრების რეზიდენცია იყო. 

XIX საუკუნეში სუჯუნა სამეგრელოს სოფლების ვაჭრობის ცენტრი ხდება. ამ პერიოდში აქ ებრაელთა ოჯახებიც დასახლდნენ, რომლებიც სანაოსნო საქმის განვითარებისთვის ეპისკოპოსს ჩამოუყვანია.      

სუჯუნის ღირსშესანიშნაობები

სოფლის გაცნობა ცენტრში მდგარი XVIII საუკუნის წმინდა გიორგის გუმბათოვანი ეკლესიით უნდა დაიწყო - დახვეწილი და დიდებული ხუროთმოძღვრული ძეგლით, რომელსაც პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული. 

ასევე, სოფელში დღესაც ხელუხლებლად არის შემონახული ებრაელთა სალოცავი – სინაგოგა, რომელიც XIX საუკუნეშია აშენებული.  

განსაკუთრებულ ყურადღებას კი იტალიელი არქიტექტორების მიერ 1915 წელს აგებული, ულამაზესი, მცირე ზომის სასახლე იქცევს. ის XIX საუკუნის ყველაზე ცნობილმა ქართველმა ფინანსისტმა, პირველმა ქართველმა მილიონერმა, უდიდესმა მეცენატმა, ბანკირმა და მეწარმემ, ამ სოფელში დაბადებულმა აკაკი ხოშტარიამ დედას აჩუქა, დედის გარდაცვალების შემდეგ კი სოფელს გადასცა საგანმანათლებლო საქმისთვის. 

ამ დიდი ადამიანის შესახებ, რომელიც საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და 59 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა, სტუმართმოყვარე სუჯუნელები ბევრ გასაოცარ ამბავს მოგიყვებიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა