KA

ფრინველებზე დაკვირვება: ჭაჭუნას აღკვეთილი

ჭაჭუნის აღკვეთილი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ქალაქ დედოფლისწყაროდან 37 კილომეტრში მდებარეობს. 5200 ჰექტარზე გაშლილი ტერიტორია მდიდარია ფაუნით. აქ 82 სახეობის ფრინველი ბუდობს და მათგან 10 საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შესული.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
დედოფლისწყარო

ჭაჭუნის ხევები და ბორცვები

ჭაჭუნის ხევების თიხის კედლებში გაკეთებულ ხვრელებში ფერადოვანი კვირიონები და ყაპყაპები ბუდობენ. მათი მეზობლები არიან ჭოტი და თეთრზურგა მეღორღია. 

ჭაჭუნის სრულიად ფანტასტიკური ფორმის თიხის ბორცვებში, რომლებსაც ადგილობრივები „ალესილებს“ უწოდებენ, მუდმივად ისმის კაკბის კრიახი. თიხით აშენებულ კლდეებზე მიკრულ სახლებში მცირე კლდეცოციები ცხოვრობენ. 

ჭაჭუნაში ნახავ: გვრიტს, შევარდენს, მიმინოს, კაჭკაჭს, კაკაბს, ბექობის არწივს, ორბს, ფასკუნჯს, სვავსა და ულამაზეს დურაჯს.

ჭაჭუნა, ისევე როგორც კახეთის სხვა ნახევარუდაბნო ადგილები, მდიდარია რეპტილიებით. სწორედ ამ ტერიტორიაზე ბინადრობს გიურზა - კავკასიის ერთადერთი გველი, რომლის ნაკბენიც ადამიანისთვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. გიურზასგან მომდინარე საფრთხე ხშირად გადაჭარბებულია, მაგრამ მისი არსებობა უნდა გვახსოვდეს, მით უფრო, რომ მაისი ამ გველის საქორწინო სეზონი და, შესაბამისად, მისი აქტივობის პიკია.  

საჭიროა იცოდე

ჭაჭუნის ტერიტორიაზე შესვლა და ფრინველებზე დასაკვირვებლად საინტერესო ადგილებამდე მიღწევა მაღალი გამავლობის მანქანის გარეშეც შეიძლება. თუკი მანქანით წასვლას გადაწყვეტ, უნდა გაითვალისწინო, რომ წვიმამ აქაური თიხის გრუნტში გაკეთებული გზები შეიძლება, მანქანისთვის გაუვალი გახადოს. კარგი ის არის, რომ წვიმები ხანმოკლეა, მზე კი გრუნტს ძალიან სწრაფად აშრობს. 

„ბერდვოჩერები“ ჭაჭუნის აღკვეთილამდე ფრინველებს დედოფლისწყაროს მიდამოებში აკვირდებიან. ამ შემთხვევაში ტურისთვის ორი სრული დღე მაინც იქნება საჭირო. 

დალის მთის წყალსაცავთან რამდენიმე კეთილმოწყობილი კოტეჯია, რომლებშიც ხშირად ათევენ ღამეს ნატურალისტები, ოღონდ სეზონის პიკზე - მაისში აქ ადგილი მუდამ ჭირს. ამიტომ „ბერდვოჩერებს“ ხშირად ღამის გათევა დედოფლისწყაროს ოჯახურ სასტუმროებში უწევთ. იქიდან დილით ადრე მიემგზავრებიან ჭაჭუნისკენ, საღამოს კი უკან ბრუნდებიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა