KA

ფრინველებზე დაკვირვება: გაზაფხული საქართველოს ნახევარუდაბნოებში

თბილისიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია, ვაშლოვანის ნაკრძალი და ჭაჭუნის მიდამოები გამორჩეული ადგილებია ფრინველებზე დასაკვირვებლად. მათ შესახებ უკვე მთელი მსოფლიოს „ბერდვოჩერებმა“ იციან. განსაკუთრებით პოპულარულია უცხოელებისთვის ძნელად გამოსათქმელი „ჭაჭუნა“, სადაც დალის ხელოვნურმა წყალსაცავმა, მდინარე ივრის ჭალის ტყემ და მიმდებარე სემიარიდულმა ჰაბიტატებმა არცთუ ისე დიდ ტერიტორიაზე ფაუნის საოცარი მრავალფეროვნება შექმნა. აქაურობა მთელი წლის განმავლობაში საინტერესოა, მაგრამ გაზაფხულზე ვერაფერი შეედრება.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
დედოფლისწყარო

წერო ტურფები

ნატურალისტებისთვის საინტერესო პერიოდი აპრილში იწყება, როდესაც ჩვენთან აფრიკიდან შუა აზიისკენ მიმავალი წერო ტურფები ჩნდებიან. მათი ცალკეული ინდივიდების ნახვა მარტის ბოლოსაც შეიძლება, მაგრამ ამ ულამაზესი წეროების საქართველოში შემოფრენის ძირითადი დრო მაინც აპრილის შუაგულია. 

წერო ტურფების ნახვა შეიძლება გარეჯის მახლობლად - უდაბნოს მარილიან ტბაზე, „ჯაფარიძის ტბასთან“ - დედოფლისწყაროში, ან ტარიბანის ხელოვნურ წყალსაცავზე. აპრილში მათ წყლებისგან მოშორებით, გაშლილ მინდვრებშიც გადააწყდები. 

წითელთვალა ასპუჭაკა და სხვები

აპრილში თბილი ქვეყნებიდან სემიარიდული ზონის მრავალი საინტერესო ფრინველი ბრუნდება. წითელთვალა ასპუჭაკა, რომელიც „ბერდვოჩერების“ განსაკუთრებული ინტერესის საგანია, ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მოდის და მისი ჩხრიალი გამუდმებით ისმის ტამარიქსის ბუჩქებში. ბრუნდებიან აქაურობის მიგრანტი მტაცებლები - ფასკუნჯები და გველიჭამია არწივები. ბექობის არწივები კი ჯერ კიდევ ზამთრიდან მოყოლებული დასტრიალებენ ბუდეებს. 

მათგან განსხვავებით, არსად მიდის საქართველოს სემიარიდული ლანდშაფტის მრავალი ბინადარი. ივრის ჭალების მთავარი ხმა დურაჯის მონოტონური კივილია. ეს ლამაზი ფრინველი ჩვენს ქვეყანაში იშვიათი გამხდარა, მაგრამ გაზაფხულზე მისი ხილვა ჭაჭუნაში შეიძლება.  

მაისის პირველ რიცხვებში, როდესაც ჭაჭუნაში უდაბნოს ბულბული და ტარბი ბრუნდებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქაური ორნითოფაუნა შევსებულია. ეს „ბერდვოჩინგის“ მთავარი სეზონია, როდესაც ყველა აქ მობუდარი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გაზაფხულზე ფრინველებზე დასაკვირვებლად რამდენიმედღიანი ტურები იგეგმება, ღამის გათევა კი ვაშლოვანის ნაკრძალში მდებარე კოტეჯებშია შესაძლებელი.  

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა