ქალაქ ლანჩხუთს საინტერესო ადგილმდებარეობა აქვს - ერთი მხრიდან ტყით დაფარული, მთებზე შეფენილი სოფლები ესაზღვრება, მეორე მხრიდან კი - 7-კილომეტრიანი შავი ზღვის სანაპირო, სადაც მაგნიტურ-კლიმატური კურორტი გრიგოლეთია გაშენებული.
ამ რაიონშია საქართველოში ერთ-ერთი დიდი ტბის - პალიასტომის ნაწილი, ასევე იმნათის, ჯაპანისა და გრიგოლეთის ტბები თავისი ზღაპრული ლანდშაფტებით. ეს ადგილები განსაკუთრებით თევზაობის მოყვარულ მოლაშქრეებს იზიდავს.
აქ ყველაზე წყალუხვი მდინარეა სუფსა, სადაც შესაძლებელია ნავით გასეირნება, სამოყვარულო თევზაობა და ბუნებრივად წარმოქმნილ ტბებში ბანაობა.
თითქმის ყველა სოფელში ჩანჩქერი შეგხვდება, მაგრამ კიბულას ჩანჩქერი მაინც გამორჩეულია, რომელიც მდინარე აცაურის ლამაზ ხეობაში მდებარეობს, საქვიხიას კანიონთან ერთად.
ლანჩხუთის ტერიტორიაზეა კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაშია. აქ ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა - მდინარე ფიჩორი - ქართული ამაზონი ჩამოედინება, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და პალიასტომის ტბას უერთდება.
ირგვლივ მდებარე სოფლებში კი ბევრ ეკლესიასა და არქეოლოგიურ ძეგლს შეხვდები, რომლებიც დაუვიწყარ ისტორიებს გვინახავს. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ აქ მოსახლეობა ნეოლითის ხანიდან ცხოვრობდა.
ლანჩხუთის ისტორიისა და განვითარების შესახებ მდიდარი მასალა მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული - არქეოლოგიური, ნუმიზმატური, ეთნოგრაფიული, ისტორიული და ფერწერული ექსპონატები.
სოფელ შუხუთში შემონახულია უძველესი თამაში - ლელობურთი, რომელიც წელიწადში ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე იმართება.
აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი ორი პოლიტიკოსი - ნოე ჟორდანია, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი (1918-21) და ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს მეორე პრეზიდენტი (1995-2003) - დაიბადა.