KA

ჭიათურა

„ჭაა, თუ რაო?“ - შესძახეს თურმე ადამიანებმა, როცა აქაურობას პირველად ჩახედეს. ამბობენ, რომ სწორედ აქედან წამოვიდა სახელი „ჭიათურა“. მნახველებს დღემდე აოცებთ, როგორ ახერხებდა ძველად ადამიანი აქ, ასეთ მიუვალ ადგილებში შეღწევას, სადაც დღეს გამოცდილი ალპინისტები მხოლოდ სპეციალური ინვენტარით აღჭურვილები ჩადიან.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:40 სთ
ბათუმი
3:45 სთ
ქუთაისი
1:35 სთ

ჭიათურის ისტორია

ჭიათურა ქალაქად 1924 წელს გამოცხადდა, მაგრამ მისი ისტორია ანტიკური ხანიდან იწყება. იმერული ქალაქის გარშემო აღმართულ კლდეებში დღემდეა შემორჩენილი გამოქვაბულები, სადაც ადგილობრივები ცხოვრობდნენ.  

როგორც ისტორიული წყაროები გვიყვება, მურვან ყრუს შემოსევის დროს ხალხს თავის გადასარჩენად მიუვალი ადგილებისკენ აუღია გეზი. მაშინ გამოუთხრიათ გამოქვაბულები ზღვის დონიდან 340-500 მეტრ სიმაღლეზე, მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში.

ყველაზე ძველი ძაფი მსოფლიოში  

2009 წლამდე დედამიწაზე ყველაზე ძველ ძაფად ჩეხეთში, დოლნი-ვესტონიცეში აღმოჩენილი და 29 ათასი წლით დათარიღებული ჭინჭრის ძაფის ბოჭკო მიიჩნეოდა. 

2009-ში კი ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში აღმოაჩინეს სელისა და შალის ძაფების 1500-ზე მეტი ბოჭკო, რომელთა ასაკი 34 ათას წელს ითვლის. მღვიმის კვლევა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა დღეს უკვე შეგვიძლია თქმა, რომ ძაფის დართვასა და, შესაბამისად, ფეიქრობას საფუძველი საქართველოში, ჭიათურაში ჩაეყარა. 

მანგანუმის საბადო

ლოგიკურად, ჭიათურა საფეიქრო მრეწველობას უნდა მიჰყოლოდა, მაგრამ დღეს ის მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების უმსხვილესი ცენტრია ამიერკავკასიაში. მეტიც, მანგანუმის მადნის მოპოვება აქ 1879 წელს ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყეს. 

1895 წელს ჭიათურაში რკინიგზა შევიდა, 1892 წელს კი - ინგლისური ინვესტიცია. ინგლისელებმა აქ საქართველოში პირველი ჩოგბურთის კორტიც კი გამართეს. მანგანუმის საბადოებს უკავშირდება ჭიათურის საბაგირო გზაც, რომელიც 1954 წელს აშენდა. 

ქალაქის ღირსშესანიშნაობები

ჭიათურის ვიწრო ქუჩებში ბევრი ისტორიული შენობაა. აქ დგას მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი. 

შეგიძლია დაათვალიერო მიმდებარე ტაძრები, ციხე-კოშკები, XIII საუკუნის უნიკალური ძეგლი - მღვიმევის მონასტერი. აქვეა კაცხის სვეტიც - აუცილებლად სანახავი მისტიკური ადგილი საოცარი პეიზაჟებით.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა