KA

ხარაგაული

ალპური მინდვრები, ჩანჩქერები, ხშირი და დაბურული ტყეები, ულამაზესი ტბები და გორაკები, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება - ეს ყველაფერი იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტშია, თუმცა აქაურობა მხოლოდ ულამაზესი ბუნებით არ გამოირჩევა, მას ძალიან მდიდარი წარსული და ისტორია აქვს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:30 სთ
ბათუმი
3:30 სთ
ქუთაისი
1:10 სთ

ხარაგაულის ისტორია 

ფეოდალურ ხანაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის იყო - მასზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები გადიოდა და ინტენსიურად დასახლებული მაგისტრალი გახლდათ. ამას მოწმობს პიტიახშთა საგვარეულო სამარხი, რომელიც სოფელ ბორშია აღმოჩენილი და ძვ.წ. I და ჩვ.წ. III საუკუნეებით თარიღდება. 

ხარაგაულის სახელწოდებაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი „აბრეშუმის გზისგან“ მოდის. ის მიდამოები, სადაც ახლა ხარაგაულია, მგზავრების დასასვენებელი ადგილი იყო. ქარავნები ხშირად ჩერდებოდნენ ჩხერიმელის ხეობის გაშლილ შემოგარენში. დასვენების დროს ხეობაში ხორაგი გროვდებოდა და დაბის სახელიც აქედან წამოვიდა.

ხარაგაულის ბუნება და ღირსშესანიშნაობები   

ხარაგაული განლაგებულია მდინარე ჩხერიმელის ორივე ნაპირზე, ვიწრო და საკმაოდ ღრმა ხეობაში. მისი ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.

ხარაგაულს აქვს ისტორიული მუზეუმი, სადაც ინახება უნიკალური არტეფაქტები ძვ.წ. II-I ათასწლეულიდან XX საუკუნემდე, აგრეთვე, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები და ა.შ. აქაური უნიკალური აღმოჩენაა ოქროს ნივთებით მდიდარი ახ.წ. I-IV საუკუნეების სარგვეშის სამაროვანი, ასევე ლეღვნის სამარხეული კოლექცია.  

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია უბისის მონასტერი, ვახანისა და ჩხერის ციხეები. აქ ნახავ კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულებს. ხარაგაულშია ულამაზესი, სიმწვანეში ჩაფლული კურორტები - ნუნისი და ზვარე. ეს უკანასკნელი მინერალური წყლით არის განთქმული.   

ხარაგაულში ულამაზესი ბუნებაა. აქაური ტყეები სავსეა წაბლის, მუხის, იფნის ხეებით, მარადმწვანე და ხვიარა მცენარეებით. შეგიძლია, მათ ჩრდილში ან მდინარეების - ძირულისა და ჩხერიმელის მიდამოებში პიკნიკი მოაწყო.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა