საქართველო მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის ქვეყანაა. გასულმა საუკუნეებმა უამრავი ადამიანის სახელი შემოგვინახა, რომლებმაც სხვადასხვა დარგში უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და საქართველო მსოფლიოს გააცნეს.
ნონა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ტიტულოსანი ქართველი სპორტსმენია. იგი საერთაშორისო დიდოსტატია ჭადრაკში ქალთა შორის და მსოფლიოში პირველი მოჭადრაკე ქალია, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.
ნონა გაფრინდაშვილს ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 წელს საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო მიენიჭა: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი. აღსანიშნავია, რომ 1997 წელს, ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც კაცთა და ქალთა ოლიმპიადების შედეგების ჯამით საუკეთესო ქვეყანას გადაეცემა.
კიდევ ერთი ცნობილი ქართველი მუსიკოსი ხატია ბუნიათიშვილია, რომელიც 6 წლიდან საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. პიანისტი განსაკუთრებით პოპულარულია საფრანგეთში, თუმცა არაერთი სხვა ქვეყნის სცენაზე წარმდგარა როგორც სოლო კონცერტით, ისე წარმოდგენებით ორკესტრთან ერთად. ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორის აღსანიშნავია პიანისტთა თბილისის III საერთაშორისო კონკურსი, არტურ რუბინშტეინის სახელობის XII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი და სხვები.
ლაშა ტალახაძე ძალოსანია იმერეთის ქალაქ საჩხერიდან. ლაშამ არაერთ შეჯიბრებაში მიაღწია გასაოცარ წარმატებას - ის ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონია, ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). „ტალახაძე, რომელმაც 2016 წელს რიოს ოლიმპიურ ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა, ამ მომენტისთვის კონკურენციას მხოლოდ საკუთარ თავს უწევს“, — წერდა ცნობილი გამოცემა Guardian 2021 წელს. ლაშა ტალახაძე არის ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების ორდენის კავალერი.
მერაბ ნინიძე ცნობილი ქართველი მსახიობია, რომელიც ინგლისურ, რუსულ და გერმანულენოვან ფილმებსა და სერიალებში აქტიურად თამაშობს. იგი დასავლური სამყაროსთვის ცნობილი გახდა კაროლინა ლინკის ფილმით „არსად აფრიკაში“, რომელმაც 2003 წელს „ოსკარის“ 75-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის პრემია მოიპოვა.
ნინიძეს ათობით ფილმსა და სერიალში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის ცნობილია „მონანიება“, „ფესვები“, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, Homeland, Freud და სხვები.
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგის NBA-ს ჩემპიონი გახდა - ზაზა ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ (Golden State Warriors) შემადგენლობაში 2-ჯერ (2017 და 2018 წლებში) მოიგო ლიგის ჩემპიონის ბეჭედი!
იგი ასევე არის თურქეთის ჩემპიონი (2001) და თასის მფლობელი (2003), თურქეთის პრეზიდენტის თასის ორგზის მფლობელი (2002, 2003).
ფაჩულიას NBA-ში 1098 შეხვედრა აქვს ჩატარებული. კარიერის მანძილზე მას ნათამაშები აქვს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიცაა „ორლანდო მეჯიკი“, „მილუოკი ბაქსი“, „ატლანტა ჰოუქსი“, „დალას მავერიქსი“, „გოლდენ-სტეიტ უორიორსი“, „დეტროიტი“.
დემნა გვასალია ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს კრეატიული ხელმძღვანელია. როგორც მოდის ცნობილი კრიტიკოსები წერენ, სენსაციურობით გამორჩეულმა დიზაინერმა ხელახლა გადაწერა და განსაზღვრა მოდის არსი. იგი ინდუსტრიას კარნახობს, რა არის მოდური, საით მიდის ტრენდები, რას ნიშნავს კულტურა და ზოგჯერ - რეალობაც კი. ტანსაცმელი, რომელსაც დემნა ქმნის, ხშირადაა შთაგონებული საქართველოთი და კერძოდ, აფხაზეთით. მის ტანსაცმელზე ნახავ საქართველოს დროშას, ფრაზებს ქართულ ენაზე, ვაჟას, შოთასა და გალაკტიონის სახელებს.
დემნა გვასალიას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული მოდის ინდუსტრიაში, მათ შორის, როგორც საუკეთესო დიზაინერს, 2017 და 2021 წლებში გადაეცა პრესტიჟული CFDA-ის ჯილდო. ჟურნალმა Time-მა კი 2022 წელს დემნა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა.
ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტია დიდ ბრიტანეთში. იგი ბრიტანეთში 8 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მუსიკალური დებიუტი 2003 წელს შედგა, სამ წელიწადში კი ის დიდი ბრიტანეთის ყველაზე მოთხოვნადი ქალი არტისტი (United Kingdom's best-selling female artist) გახდა.
2003 წელს 19 წლის ასაკში მელუამ პირველი ალბომი Call Off the Search გამოუშვა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტოპ-ჩარტებში მოხვდა, გამოცემიდან 5 თვეში კი 1.8 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მისი მეორე ალბომი Piece by Piece 2005 წელს გამოიცა და დღემდე ოთხჯერ მოიპოვა პლატინის სტატუსი.
მერაბ დვალიშვილი აშშ-ში მოღვაწე ქართველი სპორტსმენია. იგი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლია, რომელიც აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მონაწილეობს.
UFC-ში მან პირველად 2017 წლის 9 დეკემბერს ფრენკი საენზის წინააღმდეგ იბრძოლა. დვალიშვილს უფრო ხშირად მეტსახელით „The Machine“ მოიხსენიებენ, რაც მის სისწრაფესა და სიძლიერეზე მიუთითებს.
გია დვალი მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსია, რომელიც ელემენტარული ნაწილაკების თეორიის, კოსმოლოგიის, კვანტური გრავიტაციისა და ადრეული სამყაროს ევოლუციის საკითხებს იკვლევს. გია დვალი 1992 წლიდან მოღვაწეობს საზღვარგარეთ. არის ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის Cern-ის თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი. მონაწილეობს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.
გია დვალს მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მიღწეული წარმატებისათვის დ. და ლ. პაკარდების (1999), ა. სლოუნის (2000), ნიუ-იორკის მერის (2001) ჯილდოები აქვს მიღებული. მან 2007 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის „ვერცხლის პროფესორის“ წოდებაც მიიღო, ხოლო 2008 წელს ჰუმბოლდტის პრემია მიენიჭა.
ნინო ხარატიშვილი გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალია. იგი მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრში. მისი პიესები იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გეტინგენში, ზაარბრიუკენში. 2010 წელს ნინო ხარატიშვილი გახდა ალბერტ შამისოს პრემიის ლაურეატი, რომელსაც ბავარიის ხელოვნების აკადემია და რობერტ ბოშის ფონდი ლიტერატორებს გადასცემს.
საქართველოში კი ყველაზე კარგად იგი გაიცნეს წიგნით „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, რომელშიც ერთი ქართული ოჯახის ცხოვრება XX საუკუნის რევოლუციების ისტორიის ფონზე ვითარდება. წიგნს კრიტიკოსები „ფენომენალურად“ და „წლის საუკეთესო გერმანულ რომანად“ მოიხსენიებენ.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული და მსოფლიო ფეხბურთის „ამომავალი ვარსკვლავია“. იგი 2022 წელს ყველაზე ხშირად განხილვადი ქართული ფეხბურთელი გახდა მას შემდეგ, რაც ოფიციალურად იტალიურ გუნდ „ნაპოლის“ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 10-12 მილიონი ევრო შეადგინა. გამორჩეული სათამაშო სტილითა და გოლებით მან მალე მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება. ხვიჩა კვარაცხელიას „ქართველ სენსაციას“ უწოდებენ პრესტიჟული საერთაშორისო გამოცემები New York Times, CNN და სხვები.
მსოფლიოს არაერთი ქართველი ახსოვს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სპორტის, კულტურის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში. მათი ჩამოთვლა კი ერთი დიდი გამოწვევაა, რადგან მათი გამორჩეული ნიჭისა თუ მიღწევების შესახებ მრავალი წიგნი დაიწერებოდა.