KA
ქართული ტრადიციული სახლები

ქართული ტრადიციული სახლები

საქართველოს წარსულზე, მის ტრადიციებზე, სხვადასხვა კუთხის მრავალფეროვნებაზე, საოჯახო თუ სამეურნეო ყოფაზე ძველი სახლები უამრავ ინფორმაციას ინახავს.

სვანეთი 

უნიკალურია სვანეთში შემორჩენილი კოშკები თავისი ინტერიერითა და დეკორატიული ელემენტებით - დედა ბოძით, მახვშის სკამით და სხვა. კოშკიანი სახლი, იგივე მაჩუბი, ხშირად ორსართულიანია, ზემოთ დარბაზია, პირველ სართულზე კი - საცხოვრებელი და საქონლის სადგომი. შუაში კერიაა. ეზოს უფრო ხშირად გარს გალავანი აქვს შემორტყმული. ამ კოშკებს ოჯახი მტრის შემოსევების დროს თავს აფარებდა.

ხევსურეთი 

კალოიანი სახლები ძირითადად პირაქეთა ხევსურეთისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა პირიქითა ხევსურეთშიც გვხვდება. ასეთი სახლები უფრო მეტად სამსართულიანი იყო და ფერდობებზე შენდებოდა. მათი შემყურე იფიქრებ, რომ ისინი ზურგით მიწაში არიან შეჭრილი. პირველ სართულს საკუთრივ სახლი ეწოდებოდა, ის ოჯახისა და პირუტყვისთვის იყო განკუთვნილი. იქვე იყო მოწყობილი კერია. დაწნული კედლებით ერთმანეთისგან იყოფოდა პროდუქტების დასამზადებელი ოთახი - სენე, სამეურნეო დანიშნულების სათავსები და ბოსელი. მეორე სართული, რომელსაც ჭერხო ეწოდება, მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი. მესამე სართულზე კი მაღალი ბანი იყო. 

მესხეთი

ისტორიულ მესხეთში  სახლს, საცხოვრისის გარდა, დამცავი ფუნქციაც ჰქონდა. სახლის ქვეშ გვირაბი - დარანი გადიოდა, რომელიც დარბაზის უკანა მხარეში იყო გაკეთებული და მეზობელ დარბაზსაც უკავშირდებოდა. ომიანობის დროს დარანი თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. დარანი სამცხე-ჯავახეთში ყველა სახლს ჰქონდა, რაც საჭირო დროს ქალებისა და ბავშვების უსაფრთხო ადგილას გახიზვნის შესაძლებლობას იძლეოდა. მესხური სახლების ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანი გვირგვინიანი გადახურვის მქონე დარბაზებია.  

აჭარა 

აჭარული სახლი ორსართულიანია. ზედა სართულზე ოჯახი ცხოვრობდა, ქვედა სართული კი თავლასა და ბოსელს ეკავა. ზედა სართული ძირითადად სამგანყოფილებიანი იყო: ერთ ოთახს სტუმრის მოსასვენებლად იყენებდნენ, საოჯახო ოთახი იმავდროულად სამზარეულოს ფუნქციასაც ასრულებდა, მესამე ოთახი კი აჭარულ სახლში სარძევეს წარმოადგენდა. მეორე სართულზე იატაკი ერთგან ამოჭრილიც იყო. ამ გზით ბოსელში შეიძლებოდა ჩასვლა. 

ქართლ-კახეთი

ეს მხარეები ცნობილია დარბაზული სახლებით, რომლებიც საინტერესოა როგორც არქიტექტურულად, ისე სოციალური დანიშნულებით. აქ მთავარი ელემენტი ხისგან გამოთლილი ორი  დედაბოძია. დედაბოძზე ხშირად გამოსახავდნენ სხვადასხვა ორნამენტს: ფრინველებს, ჯვრებს, ყვავილებს, წრეებს, ვარსკვლავებს, მზესა და მთვარეს. 

ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ კერა, დედაბოძი და გვირგვინი, რომელიც სახლის გადახურვას კრავდა, ოჯახის მთავარი სიწმინდეები იყო. ყველა რიტუალი სწორედ დედაბოძისა და კერის გარშემო სრულდებოდა. სახლში მოყვანილ პატარძალს კერას სამჯერ შემოატარებდნენ ხოლმე, დიასახლისი დალოცავდა, რაც ოჯახში მიღებას ნიშნავდა. ხალხი ფიქრობდა, რომ გარდაცვლილთა სულები სწორედ კერასთან იყრიდნენ თავს. 

კერა საკრალური ადგილი იყო, სადაც ცეცხლი ჩაუქრობლად ენთო. მისი გამიზნულად ჩაქრობა, წყლის მისხმა ან ნაგვის ჩაყრა დანაშაულად მიიჩნეოდა და ტრადიციული სამართლითაც ისჯებოდა. სახლში მკაცრად იყო გამიჯნული მამაკაცებისა და ქალების სამყოფელი. შესასვლელიდან მარცხენა მხარე მამაკაცებს ეკუთვნოდათ, მარჯვენა - ქალებს. 

ქართლში გვხვდება, აგრეთვე, ხის ერდოიანი სახლები, ტრადიციული საცხოვრებელი ელემენტებით.  

დასავლეთ საქართველო

კოლხური ოდასახლი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტიპური საცხოვრებელია, დახვეწილი არქიტექტურული ფორმის ნაგებობა, რომლის პირველი სართული ქვის ბლოკებით აშენებული პალატაა, მეორე სართული კი მთლიანად ხისგანაა გაკეთებული. 

კოლხური ოდასახლებისთვის ფართო, ჩუქურთმებიანი აივნებია დამახასიათებელი. ტიპური ოდასახლის მეორე სართული სამ ოთახს მოიცავს, ორი განაპირა საძინებლებისთვისაა, შუაში კი დიდი სასტუმრო ოთახია. ოთახები ერთმანეთისგან ხის ტიხრებითაა გამიჯნული. 

კოლხურ ოდასახლში ზოგჯერ ქვის ბუხარია გამართული და განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ქვისა და ხის ერთმანეთთან შერწყმის ხელოვნება. სახლის პალატა სხვადასხვა საოჯახო და სამეურნეო საქმიანობისთვისაა განკუთვნილი.

განსაკუთრებულად ლამაზი ჩუქურთმებით შემკული აივნებით დამშვენებულ კოლხურ ოდასახლებს ქვემო რაჭაში, ამბროლაურიდან 25 კმ-ში, სოფელ გოგოლეთში დღესაც ნახავ.  

თბილისური აივნები

თბილისური ქვით ნაშენი სახლები და ხის აივნები, თბილისური ეზოები დედაქალაქის განსაკუთრებული კოლორიტია. საცხოვრებელი სახლები, რომელთა ფასადებიც ხის, გადახურული, მოჩუქურთმებული აივნებითაა შემკული, XIX საუკუნის ორმოციან წლებში ჩამოყალიბდა.

თბილისური ხის აივანი, შენობის როგორც ეზოს, ისე ფასადის მხარეს, ოთახის ინტერიერის უშუალო გაგრძელებაა. აივნის საშუალებით სახლი თავისი ეზოთი ღია სივრცეს (ქუჩა, მოედანი, მდინარე) უერთდება და მისი ნაწილი ხდება.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა