KA
2024-12-14T06:12:14.000000Z
ქართული ცეკვა

ქართული ცეკვა

ქართულ ხალხურ ცეკვას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. საქართველო სწორედ ქართული ცეკვით გაიცნეს და დაიმახსოვრეს მრავალ ქვეყანაში.
სარჩევი

 დღეს ულამაზესი ილეთებით, ურთულესი ხტომითი მოძრაობებით, ცეცხლოვანი მუსიკითა და ჰეროიკული შემართებით მდიდარ ქართულ ცეკვას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაყურებელი აღფრთოვანებული უკრავს ტაშს.

ქართული ცეკვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე

ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მდიდარი ისტორია არაერთი არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული მასალით დასტურდება, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია გამოფენილი.

ქართული საცეკვაო ხელოვნების ისტორიის სათავედ ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში მიიჩნეოდა ნიღბიანი მონადირეების ერთმწკრივად, ანუ მწყობრად, მოძრაობის გამოსახულება თრიალეთის ვერცხლის თასზე, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ექსპონატია - ის დაახლოებით 3700 წლისაა და გვიან ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. 

თუმცა დღეს საცეკვაო ხელოვნების მიმართულებით განიხილავენ ქვემო ქართლში იმირისა და არუხლოს გორანამოსახლარებზე (ძვ. წ. VI-V ათასწლეულები) აღმოჩენილ თიხის ჭურჭელზე დატანილ სიუჟეტურ კომპოზიციებს. ეს იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ 6000 წლის წინათ (ან უფრო ადრიდანაც) ქართველებს ჰქონდათ სანახაობრივი წარმოდგენების კულტურა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი ცეკვას ეკავა.  

პირველი ცეკვა, რომელიც ქართული ხალხური ქორეოგრაფიის წინამორბედი უნდა ყოფილიყო,  რიტუალური ფერხულია. ეს ულამაზესი სანახაობაა და დღესაც ერთ-ერთი პოპულარული ცეკვაა.

რა არის ქართული ცეკვის საყოველთაო აღიარების საიდუმლო? 

თითოეული ცეკვა არის ნატიფი მოძრაობით, ფორმითა და სამოსით გადმოცემული ამბავი სიყვარულზე, გმირობაზე, მეგობრობასა და ერთგულებაზე.

საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ცეკვა აქვს - სახასიათო, მრავალგვარი ილეთითა და მუსიკით, რომელიც სხვადასხვა საკრავზე სრულდება: დოლზე, აკორდეონზე, გუდასტვირზე. 

ქართულ ცეკვას თავბრუდამხვევად ლამაზი კოსტიუმები კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

ოთხ ცეკვას მინიჭებული აქვს საქართველოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ესენია: ფერხული, ხორუმი, აჭარული განდაგანა, „ცეკვა ქართული“.

ქართული ხალხური ცეკვა საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ცეკვა ქართული - წყვილის ცეკვა

ეს ცეკვა ქართული ქორეოგრაფიის გვირგვინია. მას არ გააჩნია კუთხურობის ნიშანი.  ის ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდან უძველესია. 

ეს თეატრალიზებული სინთეზური სანახაობა XI-XII საუკუნეებში ჩაისახა. ამ ცეკვაში ქალების ცეკვა გედის სინარნარეს ჰგავს, ვაჟები კი მრავალნაირ გასმებს ტანის შეურხევლად ასრულებენ. ცეკვა „ქართული“ სასიყვარულო ურთიერთობის,  პატივისცემის, სინატიფისა და ამასთანავე, თავშეკავებულობის უმაღლესი გამოხატულებაა. 

ცეკვა ქართულში მკაცრად დადგენილი წესები ნებისმიერ მაყურებელს აღაფრთოვანებს:

  • ვაჟი ქალის მიმართ ყველა მოძრაობაში მოკრძალებას გამოხატავს და ის ქალის ტანსაცმელს ნაწიბურებითაც კი არ უნდა შეეხოს

  • ცეკვას ქალი იწყებს და მთელი ინიციატივა ქალის ხელშია

  • ვაჟმა უნდა გამოიცნოს ქალის ყველა „სურვილი“

  • ვაჟი მთელი ცეკვის განმავლობაში მხოლოდ ქალს უმზერს

  • სანამ ქალი ცეკვას არ დაამთავრებს, ვაჟი თავს უფლებას არ მისცემს, ცეკვიდან გავიდეს 

  • ცეკვის დამთავრების ნიშანს ქალი თავის დაკვრით აძლევს და ვაჟი ასეთივე მოძრაობით პასუხობს 

 

ფერხული

ფერხული - ხელიხელ გადაბმული ადამიანების უძველესი ცეკვა სიმღერებითა და შეძახილებით - დღესაც ყველაზე მასობრივი სანახაობაა, რომელიც არ ზღუდავს მონაწილეთა რაოდენობასა და სქესს. 

ფერხული ქართულ ენაში ხატოვან გამოთქმადაც კი დამკვიდრდა - „ფერხულშია ჩაბმული“, ანუ  საერთო კეთილ საქმეში მონაწილეობს.

ცნობილია ფერხულის მრავალი სახეობა. მათ შორის ერთ-ერთი - გურული ფერხული „ფარცა“ - 1969 წელს „ლა-სკალას“ სცენაზე დიდი წარმატებით შეასრულა ქართულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სუხიშვილებმა“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მილანის სახელგანთქმული საოპერო თეატრის სცენა  ფოლკლორულ დასს დაეთმო.

„ხორუმი“ - საბრძოლო ცეკვა

„ხორუმი“ საბრძოლო ხასიათის, უძველესი ცეკვაა და მისი ფესვები აჭარაშია, თუმცა ჰეროიკულობისა და პოპულარობის გამო კუთხურობის ნიშნის გარეშე მოიხსენებენ. სცენაზე შეიძლება ორმოცდაათამდე მოცეკვავე შემოვიდეს და საბრძოლო სულისკვეთების ცეცხლი დაანთოს. „ხორუმს“ მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ. 

„ფარიკაობა“ - საბრძოლო ცეკვა

„ფარიკაობაც“ უძველესი საბრძოლო ცეკვაა. ბოლო დროს სატრფიალო თემით არის გამდიდრებული და მას მაყურებელი „ხევსურული ფარიკაობის“ სახელით იცნობს. საქართველოში სტუმრობისას ერთხელ მაინც უნდა ნახო სცენაზე ნამდვილი ხანჯლებით ბრძოლა, ურთულესი, მილიმეტრამდე გათვლილი აკრობატული ილეთებითა და ვაჟების ყიჟინით. დაუვიწყარი სანახაობაა.  

აჭარული  - განდაგანა 

განდაგანას ოდითგანვე კაცები და ქალები  ასრულებენ.  ცეკვაში კაცის მოძრაობები ძლიერი და აქტიურია, ქალის - ნაზი, ხოლო მათ შორის ურთიერთდამოკიდებულება - მსუბუქი და კეკლუცურიც კი.

„ოსური“

„ოსური“ ულამაზესი ცეკვაა. ერთ სწორ, ლარივით გაჭიმულ მწკრივში სინქრონული, ნელი და რიტმული სინარნარე - ეს „ოსურის“  ხერხემალია და მთელი ცეკვაც ამ ქარგაზეა აწყობილი. მკაცრი და კუშტი გამომეტყველების ვაჟები ქალებს გვერდით ფარივით უდგანან, ქალისადმი  მოკრძალებითა და პატივისცემით.

ქართული ცეკვის ილეთები ჰოლივუდურ ბლოკბასტერში 

ინგლისელი კინორეჟისორის მეთიუ ვონის ფილმში „The King’s Man“, რომელიც 2022 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მთავარი საბრძოლო სცენა ქართველმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა დადგა და ქართული ცეკვის სახიფათო ტრიუკები შეასრულა.

Kingsman-ისთვის ქართველმა ქორეოგრაფმა „Taurus World Stunt Awards“-ის დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა.

ბრძოლის სცენაში „მთიულურის“, „ფარიკაობისა“ და „ყაზბეგურის“ ელემენტებია გამოყენებული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა