KA

ქეთსკი - თოვლმავლის ტური გოდერძიზე

თოვლის ხარისხისა და ხელუხლებლობის გამო, ქეთსკის მოყვარულთათვის გოდერძის უღელტეხილი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. გაუკვალავ თოვლში ამ სტილით მოსრიალეებისთვის გამართული თოვლმავლით სასტარტო წერტილამდე ასვლა და იქიდან დაშვება დიდი სიამოვნებაა და საქართველოს მათთვის ამ სიამოვნების მინიჭებაც შეუძლია. ისევე, როგორც გაუკვალავ თოვლში სხვა სტილით სრიალის შემთხვევაში, ამჯერადაც აუცილებელია გამოცდილი, სერტიფიცირებული გამყოლი გახლდეს. მას აქვს სრული ინფორმაცია ზვავსაშიში ადგილების შესახებ, აფასებს თოვლის კონდიციას და არჩევს დაშვების შესაფერის მარშრუტებს.
რეგიონი
აჭარა
სოფელი
გოდერძი

სად მდებარეობს გოდერძი?

გოდერძის უღელტეხილი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2025 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ბათუმიდან კურორტამდე 112 კილომეტრია. 

უღელტეხილის მიდამოები ძირითადად წიწვოვანი ტყით არის დაფარული. სამთო-სათხილამურო კურორტი აქ 2015 წელს გაიხსნა, მოეწყო მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, კურორტზე ფუნქციონირებს სასტუმროები და კვების ობიექტები.

გოდერძი მიმზიდველია სრიალის მოყვარულთათვის, რადგან ზამთარში აქ თოვლის საფარი 3-იდან 4 მეტრამდე აღწევს და 6 თვემდე ჩერდება. 

ქეთსკის მარშრუტები გოდერძიზე

ქეთსკის მარშრუტები ყოველთვის გოდერძის ცენტრიდან იწყება. გოდერძიზე რამდენიმე სასრიალო ფერდი გვაქვს ქეთსკის სრიალისთვის, თუმცა განსაკუთრებით მოთხოვნადი ჩრდილოეთი ფერდია. 

უმაღლესი წერტილი, სადამდეც შეგიძლია ახვიდე, ზღვის დონიდან 2367 მეტრია. აქედან კარგად ჩანს გოდერძის ხეობის ხედები და კავკასიონის დიდი ნაწილი. 

ქეთსკისთვის რეკომენდებული სეზონია დეკემბერ-აპრილი.

რა უნდა გაითვალისწინო?

ბათუმიდან გოდერძიმდე გზის ნაწილი საკმაოდ დაზიანებულია, შესაბამისად, აუცილებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით იმგზავრო.

ალტერნატიული გზა გოდერძიმდე ახალციხე-ადიგენის გავლითაა. ამ შემთხვევაში ადიგენში ადიხარ მაღალი გამავლობის ავტომობილით, სადაც გხვდება თოვლმავალი, რომელიც კურორტზე აგიყვანს. 

 კურორტ გოდერძიზე შიდა გადაადგილებისთვისაც თოვლმავლებს იყენებენ.

სასურველია, გოდერძიზე ტურის დაგეგმვისას თან გვქონდეს პირადი აღჭურვილობა, თუმცა მისი ადგილზე ქირაობაც შესაძლებელია.

გოდერძიზე ქეთსკის ტურებზე ოპერირებს რამდენიმე კომპანია, რომელთაც აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა