KA
Shemokmedi Monastery Complex

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი

შემოქმედის მონასტერი ერთ-ერთია იმ რამდენიმე რელიგიურ ძეგლს შორის, რომელიც გურიაში საბჭოთა ხელისუფლებისგან განადგურებას გადაურჩა და თავდაპირველი არქიტექტურული სახე შეინარჩუნა.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ოზურგეთი

მონასტრის მდებარეობა და სტრუქტურა

შემოქმედის მონასტერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ულამაზეს სოფელ შემოქმედში მდებარეობს, მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, მწვანეში ჩაფლულ შემაღლებულ ადგილზე. 

მონასტრის ეზოდან გურიის კურორტების ულამაზესი ხედი იშლება - აქედან მოჩანს გომისმთა, ვაკიჯვარი და ბახმარო

სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაშია: ა) ღვთაების ტაძარი - XII საუკუნის ბაზილიკა; ბ) ტაძარი „ზარზმა“ - XVI საუკუნის გუმბათიანი ტაძარი, რომელიც ვახტანგ I-მა გურიელმა საგანგებოდ ააგო ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერისცვალების ხატისთვის. ეს ხატი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება; გ) სამრეკლო - XVI საუკუნეში აგებული და 1831 წელს აღდგენილი. 

კომპლექსი შემოსაზღვრულია ქვის მაღალი გალავნით, რაც იმას მოწმობს, რომ აქაურობას სოფლისთვის არა მარტო საკულტო, არამედ თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონდა. 

აქ ბევრი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი ინახებოდა. მათი უმრავლესობა ადგილზე  შეიქმნა და მოიჭედა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან გადმოიტანეს. შემოქმედის მონასტერი თავისი სიწმინდეებითა და ადგილ-მამულებით ოდითგან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო საქართველოში. ეს ძეგლი კარგად არის შესწავლილი და არასდროს აკლდა მოგზაურთა და მკვლევართა ინტერესი. მონასტერი აღწერილი აქვს მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს - XIX საუკუნის შვეიცარიელ მოგზაურსა და გეოლოგს; საინტერესო ნაშრომები აქვთ შექმნილი ბრიტანელ მოგზაურსა და მთარგმნელს მარჯორი უორდროპს, დიდ ქართველ მეცნიერებს - არქეოლოგსა და ეთნოლოგ დიმიტრი ბაქრაძეს, ისტორიკოს ექვთიმე თაყაიშვილს;

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი დღეს

სამონასტრო კომპლექსი შემოქმედის ეპარქიაში შედის, დღესდღეობით მოქმედია და დიდი მრევლი ჰყავს. 

ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, მონასტრისაკენ მიმავალ ბილიკზე არ წყდება მომლოცველთა რიგი, რომლებიც, უძველესი ტრადიციის თანახმად, ფეხშიშველნი მიუყვებიან ტაძრისკენ მიმავალ აღმართს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა