KA

შოვი-უძირო ტბა-სოფელი გლოლა

რაჭაში, ონიდან 30 კმ-ში, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე ბალნეოლოგიურ კურორტ შოვიდან ლაშქრობის ერთ-ერთი საუკეთესო მარშრუტი შოვი-უძირო ტბა-სოფელი გლოლა იწყება.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
სოფელი
შოვი

მანძილი, დრო, სირთულე 

ტური 18-კილომეტრიანია, ორ დღეს მოიცავს და საშუალო სირთულის მარშრუტებს მიეკუთვნება. 

შოვიდან შერეული ტყით დაფარულ ქედს გაუყვები, 2 კმ-ში მშვენიერი საპიკნიკე და საკემპინგო ადგილი შეგხვდება. მერე ბილიკი მდინარე ჩხოჭას ხეობას აუყვება და მოგზაურობის ყველაზე მაღალ წერტილში აგიყვანს, ზღვის დონიდან 3260 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მთა დოლომისისწვერის სამხრეთით არსებულ უღელტეხილზე. გზის ამ მონაკვეთზე სიფრთხილეა საჭირო, ბილიკის ბოლო, 800-მეტრიანი ნაწილი ციცაბოა, მიწა კი - ნაშალი. 

უღელტეხილიდან 1 კილომეტრში ბილიკი უძირო ტბისკენ ეშვება. ტბასთან მხარეში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილებია დასაბანაკებლად. ღამის გათევაც აქ მოგიწევს.    

მეორე დღე უძირო ტბიდან სოფელ გლოლისკენ დაშვებით იწყება. მიწა ბილიკის დასაწყისშიც კლდოვან-ნაშალია, შესაბამისად - ცოტა რთულიც, მაგრამ მალე ქედზე გახვალ და დაშვებაც შემსუბუქდება. აქედან სოფელ გლოლამდე ტყიანი მონაკვეთებიღა გექნება გასავლელი.   

ლაშქრობა მზიან, თბილ ამინდში უნდა დაგეგმო, ნისლი და წვიმა უღელტეხილზე გადაადგილებას ართულებს. 

გარემო, ბუნება, სანახაობები

უძირო ტბა კატისწვერასა და დოლომისის მწვერვალებს შორისაა. აქ ხშირი ტყეები და ყვავილებით მოჩითული მინდვრებია, რაც შენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს და ფოტოაპარატზე აღბეჭდავ. დოლომისის უღელტეხილის ხედები კი ერთ-ერთი დაუვიწყარი სანახაობა იქნება.

ულამაზესია რაჭა, იმაზე ბევრად ლამაზი, ვიდრე წარმოგიდგენია.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა