KA
Chirukhi mountain

ჩირუხის მთა

ნისლში გახვეული ბუნების შედევრი, რომელიც ხელოვნების ნიმუშს ჰგავს – ასე აღწერენ მოგზაურები ჩირუხის მთას. ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, საიდანაც იალაღებისა და ტბების საოცარი ხედები იშლება. აქედან აჭარის ბევრი ღირსშესანიშნაობა მოჩანს: ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი და სხვა.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
შუახევი

როგორ მოხვდები ჩირუხის მთასთან?

ჩირუხამდე მისასვლელი გზა გრუნტისაა და მთაზე ასვლა ფეხითაც არ არის რთული. კვირის გარკვეულ დღეებში აქ სოფელ შუბანიდან უფასო ტრანსპორტი მოძრაობს. ამ სოფლამდე კი ავტობუსები ბათუმის ავტოსადგურიდან გადის. ჩირუხის მთაზე მოსახვედრად ჯერ დაბლობი უნდა გაიარო – მარეთის ხეობიდან ოლადაურამდე. შემდეგ ფერისცვალების ეკლესიასთან აღმართს უნდა აუყვე, რომელიც მთის ფერდთან მიგიყვანს. ამ ადგილიდან წელიწადის ნებისმიერ დროს ზღაპრული პეიზაჟი იშლება. 

რას ნახავ?

ალაგ-ალაგ შეფენილი ხის მუქი სახლებიც ბუნებრივადაა შერწყმული გარემოსთან. ზამთარში გადათეთრებული ხეობა და სახლებიდან ამომავალი კვამლი მოყვარული ფოტოგრაფებისა თუ მხატვრებისთვის იდეალური შთაგონების წყაროა. ზაფხულსა და გაზაფხულზე აქ ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული, შემოდგომაზე კი სანახაობას ოქროსფრად მოელვარე ფოთლები ქმნის.

ჩირუხის მთა მარეთის ხეობის გზის ბოლოსაა. ამ ალპურ სოფელში მცხოვრებლები ადრე გაზაფხულზე ადიან და გვიან შემოდგომამდე რჩებიან. წელიწადის ამ დროს აქ ცხოველების, ფრინველების ხმები და ბავშვების ჟრიამული ერთმანეთს ერწყმის, სოფლის ნატურალური პროდუქტების სუნი კი ჰაერში ირევა. აქ ყოველ საღამოს კოცონს ანთებენ, ადგილობრივები გარშემო შემოუსხდებიან და ცეცხლზე კარტოფილსა და სიმინდს წვავენ. ეს რიტუალი სოფელს ერთ დიდ ოჯახად აქცევს. 

კერძები, რომლებიც უნდა დააგემოვნო

აუცილებლად უნდა გასინჯო ადგილობრივების მიერ დამზადებული რძის პროდუქტები: კაიმაღი, დაწნული ყველი, მაწონი; ასევე კერძები: ბორანო, ქალაჯო, სინორი და სხვა. სახლში გამომცხვარი ცხელი პურის სურნელი კი თავად მიგიტყუებს სუფრასთან. 

როდესაც აქ მოხვდები, კიდევ ბევრი დეტალი გაგრძნობინებს, რომ ქალაქის ყოველდღიური ხმაურისგან შორს სულ სხვა, ზღაპრული სამყაროც არსებობს.   

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა