KA

ჩქვალერი - ინწრას ჩანჩქერი - ქუაქანცალია - მთა ყვირა

ეს მარშრუტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს და თავისი ლამაზი ბუნებით, ხეობებით, ტბებით, ჩანჩქერებით და კულტურული ძეგლებით განსაკუთრებით საინტერესოა ლაშქრობის მოყვარულებისთვის.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
წალენჯიხა

სალაშქრო მარშრუტი: დღე პირველი

ლაშქრობა მწვანეში ჩაფლული სოფლიდან - ჩქვალერიდან იწყება, რომელიც ქალაქ წალენჯიხიდან 18 კმ-შიმდებარეობს.

ჩქვალერის ცენტრიდან ინწრის ჩანჩქერისკენ სამანქანო გზა მიდის, რომელიც,  დაახლოებით, 1,5-2 კილომეტრია; შემდეგ 2-კილომეტრიან საფეხმავლო ბილიკს გაივლი და გზის გასაყართან მიხვალ - მარცხენა ბილიკი ყვირის მთისკენ ადის, მარჯვნივ კი ჩანჩქერის გზაა. 

ამ გზაგასაყარიდან ჯერ მარჯვნივ - ჩანჩქერის გზაზე გადაუხვევ, ტყეში რამდენიმე ასეულ მეტრს გაივლი და ბილიკის ბოლო მონაკვეთით ჩანჩქერთან ჩახვალ. ინწრის ჩანჩქერიმდინარე ინწრის ხეობაში  26 მეტრი სიმაღლიდან ბზის კორომებს შუა ჩამოედინება და ულამაზესი სანახავია. 

იმავე ბილიკით გზაგასაყართან დაბრუნდები და ახლა უკვე ყვირის მთის მარშრუტს დაადგები. 8 კილომეტრში ყვირის საბანაკესაც იპოვი. იქვეა მწყემსების ქოხი.

სალაშქრო მარშრუტი: დღე მეორე

გაითვალისწინე, რომ მეორე დღე მწყემსების სადგომთან ახლოს არსებულ კარსტულ ჭაში გადმომავალი წყაროდან წყლის მომარაგებით უნდა დაიწყო, რომელთანაც 5-მეტრიანი რკინის კიბით დაეშვები. შემდეგ ბილიკს ციცაბო ფერდობზე გაუყვები და თითქმის სუბალპურ უტყეო ზონაში მდებარე მოქანავე ლოდს - ქუაქანცალიას მიადგები, რომელიც დაახლოებით 10-12-ტონას იწონის. ნმიუხედავად ასეთი დიდი წონისა, საკმარისია ხელით ოდნავ მიწოლა, რომ ეს უზარმაზარი ლოდი ქანაობას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს. ქუაქანცალია ყვირის კირქვულ მასივზე, მდინარე ინწრის სათავესთან, ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლეზე მდებარეობს. 

აქედან მალევე მიადგები ბუმბერაზ ყვირას - მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2038 მეტრია და ამ მწვერვალიდან მთიანი სამეგრელოს ულამაზესი პეიზაჟები მოჩანს.

უკან, ჩქვალერში დაბრუნებას ამავა დღეს, იგივე ბილიკით შეძლებ. 

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა