ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ცაშკიბულიშ ტობავარჩხილის წყალს მისტიკური ძალა აქვს და არ უნდა შეეხო. როგორც კი ამას მოისურვებ, გვერდით მყოფი ადგილობრივი გამყოლი წარბს შეკრავს და ჩაილაპარაკებს „ვაშინერს“, რაც მეგრულად ნიშნავს: არ შეიძლება, არ ეგების, აკრძალულია.
5 კილომეტრის რადიუსში კიდევ სამი ტბაა - დიდღალიშ ტობა, კალაშიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა.
რთული გზის მიუხედავად, ტობავარჩხილის ტბებისა და, მათ შორის, ცაშკიბულიშ ტობასკენ ბევრი მოლაშქრე დადის. მეტი უსაფრთხოებისა და გზადაგზა საინტერესო ინფორმაციის მიღებისთვის რეკომენდებულია, ადგილობრივი გიდი გაიყოლო. მით უფრო, რომ მთაში ამინდის გაუარესება და ნისლი ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.
ცაშკიბულიშ ტობას ხშირად უწოდებენ სამოთხეს დედამიწაზე. ამ შეფასებას შენც დაეთანხმები, როგორც კი მთებსა და კლდეებს შორის ჩაკარგულ ლურჯ წყალს დაინახავ. იმასაც აღიარებ, რომ აქ სხვა განზომილებაა და აქედან ცამდე თითქოს, მართლაც, ერთი კიბის ავლა გჭირდება.