ჭიუხის (ჭაუხის) მასივი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს და საუკეთესო ადგილია როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი მთამსვლელებისთვის. მასივს რამდენიმე მწვერვალი აქვს, რომლებზეც სხვადასხვა კატეგორიისა და სირთულის მარშრუტები ადის. მათ შორისაა:
ასათიანი. 3842 მ.
ლეონიძე. 3746 მ.
ჯავახიშვილი. 3733 მ.
რჩეულიშვილი. 3624 მ.
თიკანაძე. 3436 მ.
თაყაიშვილი. 3424 მ.
მასივის ერთ მხარეს ხევია, მეორე მხარეს კი ხევსურეთი.
ჭიუხის (ჭაუხის) მწვერვალებისკენ მიმავალი ერთ-ერთი მარშრუტი სოფელ ჯუთაში იწყება, რომელიც 2200 მეტრზეა გაშენებული და ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებული პუნქტია.
სოფლამდე მიდის გრუნტის სამანქანო გზა, იქიდან კი 4 კმ. სიგრძის საფეხმავლო ბილიკი იწყება, რომელიც ჭიუხის მასივის ძირში, ე.წ. საბანაკემდე მიდის. მწვერვალებზე ასვლით დაინტერესებული მთამსვლელები როგორც წესი,სწორედ აქ ბანაკდებიან. ეს 4 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მარტივი გასავლელია და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ლაშქრობის და ბუნებაში მოგზაურობის მოყვარულთა შორის.
მარშრუტზე შეგხვდებათ ჯუთის ტბაც და ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობის საშუალება გექნებათ. ბილიკის დასაფარად დაახლოებით 1,5 საათია საჭირო.
ჭიუხის მასივისკენ ხევსურეთიდანაც მოდის 6 კილომეტრი სიგრძის, მარტივად გასავლელი სალაშქრო ბილიკი. მარშრუტი სოფელ როშკაში, დაახლოებით 2000 მეტრის სიმაღლეზე იწყება და აბუდელაურის ფერად ტბებამდე მიდის (ამ შემთხვევაში, მწვანე და ლურჯ ტბებთან). მარშრუტზე შეგხვდებათ - როშკის ლოდები, რომლებიც უდიდესი ერატიკული („მოხეტიალე“) ლოდების რიცხვს მიეკუთვნებიან და ერთ-ერთის სიმაღლე 11 მეტრს აღწევს.
ჭიუხის მასივის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი ივნისიდან სექტემბრამდეა.