ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ახლანდელი შენობა 1910 წელს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენდა. ტაძრის მშენებლობისას ნაპოვნ ქვაზე ამოტვიფრული ასომთავრული წარწერის მიხედვით, ძველი ეკლესია XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ეს მნიშვნელოვანი არტეფაქტი ამჟამად ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ინახება.
ეკლესია, რომელიც ხვამლის მთის ბორცვზეა გაშენებული, დარბაზულია და აღმოსავლეთით ხუთწახნაგა აფსიდით სრულდება. ძირითადად კირქვისა და შირიმის ქვითაა ნაგები და ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. დარბაზი საკურთხევლისა და დასავლეთის სარკმლებით ნათდება. ტაძარი თუნუქის მასალით არის გადახურული.
ყოველ წელს, აღდგომიდან მერვე კვირის შაბათ დღეს აქ დღესასწაული „ხვამლობა“ იმართება, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება.