ბახმაროს დოღი მდინარე ბახვისწყლის კალაპოტში, ღია სივრცეში, ქვაღორღიან რელიეფზე ეწყობა. სწორედ ამ დროს მთის ფერდობებზე მაყურებელი გამოეფინება და საკუთარი ფავორიტი მხედრის გამხნევებას ცდილობს. რბოლის ტრასა მდინარე ბახვისწყლის ორივე ნაპირს მიუყვება; მოჯირითეები ორჯერ გაივლიან მდინარეში - ეს აგვისტოში შედარებით უსაფრთხოა, რადგან ამ დროს წყალი დაკლებულია. რბოლა ბაზრის ტერიტორიაზე მთავრდება. შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონია იწყება.
რაც შეეხება ბაზარს, აქ მეზობელი სოფლებიდან ჩამოტანილი ადგილობრივი ნაწარმი, მათ შორის, ხისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები იყიდება.
დოღით ბახმაროს ზაფხულის საკურორტო სეზონი მთავრდება. თუ ამ ღონისძიებაზე დასწრებას აპირებ, უმჯობესია, ბახმაროში წინა დღით მაინც ახვიდე. ასე უფრო ადვილად შეძლებ, დაბინავდე და დოღისთვის ცხენოსნების მომზადებასაც ადევნო თვალი.
აღსანიშნავია, რომ ბახმაროს დოღი დაარსებიდან მხოლოდ მეორე მსოფლიო ომისა და კოვიდპანდემიის დროს არ გამართულა.